ლოქო, ჩვეულებრივი ლოქო (Silurus glanis Linnaeus, 1758), თევზი ლოქოსებრთა ოჯახისა (Siluridae), ლოქოსნაირთა რიგისა. თბილი წყლის მოყვარული მტაცებელი თევზია. სიგრძე – 5 მ-მდე, მასა – 300 კგ-მდე. სქესობრივად მწიფდება 3-4 წლისა, ტოფობს მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, ნახევარ მეტრამდე სიღრმის მცენარეულობით მდიდარ ნელი დინების ადგილებში. ნაყოფიერება – 11000–50000 ქვირითი. ლიფსიტა იკვებება მცენარეებით, წვრილი თევზებით, წყლის მწერებით და სხვ., ზრდასრული ლოქო კი – მოზრდილი თევზებით, ბაყაყებით, იტაცებს წყალზე მცურავ ფრინველს და ცხოველსაც კი. საქართვ. ფარგლებში გვხვდება მხოლოდ ადგილ. ბინადარი ფორმა. გავრცელებულია დას. საქართველოში, შავი ზღვის აუზის თითქმის ყველა მდინარის ქვემო დინებაში, პალიასტომსა და ბებერისის ტბებში, აღმ. საქართველოში ყველაზე მეტია ალაზნის ქვემო დინებაში. მტკვარში გვხვდება გარდაბანთან, ასევე ხრამის ქვემო ნაწილსა და ჯანდარის ტბაში. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, შავი ზღვის, კასპიისა და არალის ზღვების აუზებში. სამეურნეო მნიშვნელობის თევზია. შეტანილია ბერნის კონვენციის დანართში. ბუნების დაცვის საზ-ბის (IUCN) მიხედვით საჭიროებს ზრუნვას (LC).
ნ. ნინუა