ლოწობანი, ისტორიული ციხესიმაგრე აღმ. საქართველოში, მდ. ქსნის მარცხენა ნაპირზე, სოფ. იკოთის (ახალგორის მუნიციპ.) ჩრდ.-აღმ-ით 4 კმ დაშორებით აღმართულ კლდეზე. ააგო კახეთის ქორეპისკოპოსმა ფადლა II-მ (X ს.). ლ. აკონტროლებდა მდ-ებს – ქსანსა და არაგვს შორის მოქცეულ ტერიტორიას. აქ გადიოდა კახეთიდან მდ. ქსნის შუა წელისაკენ მიმავალი სტრატეგიული მნიშვნელობის გზა. X ს. შუა წლებში, კახეთის მთავარ კვირიკე II-ისა და აფხაზთა მეფე გიორგი II-ის ბრძოლის დროს, ლ. დაიკავა კვირიკე II-ის მოღალატე ფეოდალმა ივანე არშის ძემ, თუმცა ქართლელ და კახელ აზნაურთა დახმარებით კახეთის მთავარმა ლ. მალევე დაიბრუნა და ახალაგებულ შურის ციხესთან ერთად დაანგრია. ამით აფხაზთა მეფეს გამოეცალა მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტები ქართლში გასაბატონებლად. 1072–73 საქართვ. მეფე გიორგი II-მ კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ივანეს ძეს რუსთავის სანაცვლოდ ლ. გადასცა. იმავე ხანებში ლ. დაიკავა კახეთის მეფე აღსართან I-მა, XIV ს. დასაწყისში კი შალვა ქსნის ერისთავმა, რ-მაც მტკიცედ მოიკიდა ფეხი მდ. ქსნის ხეობის შუაწელზე.
შემორჩენილია ლ-ის ციხის კედლების ფრაგმენტები, რ-ებიც ბუნებრივი სიმაგრის დანამატები იყო. შეიმჩნევა კედლის ორგვარი, სავარაუდოდ, სხვადასხვა პერიოდის სამშენებლო წყობა.
ლიტ.: გვასალია ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული“, 1967, [ტ.] 3; მუსხელიშვილი დ., კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები, XII–XIII სს-ში, იქვე.
ჯ. გვასალია