ლოჭინის ნასოფლარი

ლოჭინის ნასოფლარი, ადრინდელი ფეოდალური ხანის (IV–VI სს.) არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს თბილ. აღმ-ით 28 კმ-ზე, მდ. ლოჭინის მარცხ. ნაპირას, სოფ. გამარჯვების ტერიტორიაზე. სახელი პირობითად ეწოდა აღმოჩენის ადგილის მიხედვით. 1952 გაითხარა ნასოფლარის ნაწილი (ხელმძღვ. რ. აბრამიშვილი).

ძეგლი მდებარეობს დაბალ ბორცვზე (შემორჩენილი სიმაღლე – 4 მ, ფართობი – დაახლ. 5000 მ 2). დას-იდან მას ხევი აკრავს, დანარჩენი სამი მხრიდან კი გამაგრებულია 2 მ სიღრმის ხელოვნური თხრილით. გათხრების შედეგად გამოვლენილია საცხოვრ. და სამეურნეო ნაგებობები, ასევე მათ შორის არსებული გასასვლელი. ქვის კედლები ნაგები იყო თიხის ხსნარით, ასეთივე ხსნარით ყოფილა ნალესი სათავსების კედლებიც. ზოგიერთ ოთახში ქვიშაქვის ფილების იატაკი აღმოჩნდა. ნაგებობები გადახურული იყო კრამიტით.

აღმოჩენილია მრავალნაირი კერამიკული ნაწარმი – დიდი ზომის ქვევრები, პრიალაზედაპირიანი დოქები, ხელადები, ჭრაქები, სათამაშოები, აგრეთვე – მარცვლეულის შესანახი ხაროები.

აღსანიშნავია თიხის ნაწარმის ორი ნიმუში, რ-ზეც ქართული ასოებია ამოკაწრული. ორი დაქარაგმებული ასოსაგან შემდგარი ერთი წარწერა (ძე), რ-იც შესაძლოა პატრონის ვინაობის აღმნიშვნელია, განთავსებულია პატარა ზომის წითლად გამომწვარი დოქის ყელზე; მეორე წარწერის ნაწყვეტი, ამოკაწრულ ჯვრის გამოსახულებასთან ერთად კი – ჩალისფრად გამომწვარი ტალღური ორნამენტით შემკული დოქის გვერდის ნატეხზე. წარწერა ნაკლულია, იკითხება მხოლოდ ორი ასო. ეს ფაქტი დამწერლობის საზ-ბის ფართო ფენებში გავრცელებაზე უნდა მიუთითებდეს.

ლ. ნ-ის არქეოლ. მასალა ხასიათდება ანტიკურიდან ადრეფეოდალურზე გარდამავალი ხანის ნიშნებით.

ლიტ.: აბრამიშვილი რ., ჭილაშვილი ლ., ლოჭინის ნასოფლარის არქეოლოგიური გათხრები, „ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1962, ტ. 23В.

ლ. ჭილაშვილი