ლოხვიცკი მიხეილ იურის ძე (ნამდვ. გვარი აჯუკ-გირეი) [22. II. 1922, დეტსკოე-სელო (ახლანდ. ქ. პუშკინი), – 7. VIII. 1989, თბილისი], ჩერქეზი მწერალი, მთარგმნელი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1952). უნ-ტში ბ. ოკუჯავასა და ა. ციბულევსკისთან ერთად ჩამოაყალიბა ლიტ. გაერთიანება „სოლომენნაია ლამპა“ („Соломенная лампа“). წლების განმავლობაში მუშაობდა გამომც. „მერანში“ რუს. რედაქციის გამგედ. პირველი მოთხრობა „ძეგლი“ 1949 გამოაქვეყნა, მოთხრობათა პირველი კრებ. „შეხვედრები გზაში“ – 1955. ავტორია მოთხრობათა კრებულებისა: „მთის ქედის ადამიანები“ (1958), „რად არის ზღვა ლურჯი“ (1966), „დღისით, მზისით“ (1974) და სხვ.; რომანებისა: „უცნობი“ (1964), „გასროლა მეტეხში“ (1973). აღსანიშნავია ისტ. მოთხრობა „მეხთატეხა“ (1977), რ-შიც XIX ს. კავკასიის პირველი ომის დროს ლ-ის წინაპრების, შაფსუღების, რამდენიმე ოჯახის ისტორიაა აღწერილი. „მეხთატეხის“ თავისებურ გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს რომანი „ღმერთების ძიება“, რ-იც მწერლის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა (ქართ. თარგმანი მ. ბეროშვილისა, 2014). ლ. რუს. ენაზე თარგმნიდა ქართ. მწერალთა ნაწარმოებებს.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
მ. ფილინა