ლუარსაბ I

ლუარსაბ I (1502–56), ქართლის მეფე 1527–56, დავით X-ის ძე (წყაროებში გვხვდება მისი მეფობის სხვა თარიღებიც: 1530–56, 1534–56 და სხვ.). 1522 თავი ისახელა ყიზილბაშთა წინააღმდეგ ბრძოლაში (იხ. თელეთის ბრძოლა 1522). 1526 პოლიტ. კავშირი შეკრა იმერეთის მეფე ბაგრატ III-თან. 1535, როცა ბაგრატ III-მ სამცხე-საათაბაგო შეიერთა (იხ. მურჯახეთის ბრძოლა 1535), ლ. I-მა ჯავახეთი დაიმორჩილა. იგი ცდილობდა სპარსეთისა და ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქართულ სამეფო-სამთავროთა ძალების გაერთიანებას. XVI ს. 30-იან წლებში ქართლ-იმერეთის კავშირი გაფართოვდა ლ. I-ისა და კახეთის მეფე ლევანის შეკავშირებით. ამას წინ აღუდგა ირანის შაჰი თამაზ I, რ-მაც პირადად 4 დიდი ლაშქრობა (1541, 1547, 1551, 1554) მოაწყო საქართველოში (იხ. თამაზ I-ის ლაშქრობები საქართველოში). 1541 შაჰის პირველი ლაშქრობის შედეგად ლ. I-მა თბილისი დაკარგა, კახეთი მტერს დამორჩილდა და ქართულ სამეფოთა კავშირს გამოეთიშა. 1545 ლ. I თავისი ლაშქრით დაეხმარა ბაგრატ III-ს შემოსეულ ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ქართლ-იმერეთის შეერთებული ლაშქარი დამარცხდა (იხ. სოხოისტას ბრძოლა 1545) და სამცხე-საათაბაგოში ოსმალებმა თავიანთი მომხრე ათაბაგების ხელისუფლება აღადგინეს. ირან-ოსმ. ომის (1514–55) უკანასკნელ ეტაპზე, როცა ორივე აგრესორი განსაკუთრებული ენერგიით ცდილობდა საქართვ. დამორჩილებას, ლ. I მტკიცედ ადგა თავიდანვე აღებულ პოლიტ. კურსს და შეძლო სამცხე-ჯავახეთისა და კოლა-არტაანის დამორჩილება, თუმცა 1551 თამაზ I-ის მე-3 შემოსევის შედეგად იგი იძულებული გახდა დაეთმო შემოერთებული ტერიტ-ები. 1554, თამაზის მე-4 შემოსევის დროს, ლ. I იმერეთში გადავიდა. შაჰის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ბაგრატ III-მ არ გადასცა ქართლის მეფე. 1554–55, ირან-ოსმალეთის საზავო მოლაპარაკების დროს, ლ. I ბაგრატ III-სთან ერთად ცდილობდა ხელი შეეშალა ზავის დადებისათვის, რადგან ორ აგრესორს შორის ომი ქართველებს უადვილებდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. 1555 ამასიის ზავის (იხ. ირან-ოსმალეთის საზავო ხელშეკრულებები XVI–XVIII სს.) შემდეგაც ლ. I განაგრძობდა ბრძოლას: დაიბრუნა ქართლის მრავალი ციხესიმაგრე და შეავიწროვა თბილ. ყიზილბაშური გარნიზონი. 1556 ყიზილბაშთა წინააღმდეგ გმირულ ბრძოლაში (იხ. გარისის ბრძოლა) ლ. I სასიკვდილოდ დაიჭრა. იგი მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ პარტიზ. ბრძოლის ტაქტიკას იყენებდა – მცირე რაზმებს პირდაპირ ესხმოდა თავს და ანადგურებდა, დიდ ლაშქართან ბრძოლას თავს არიდებდა, მოხერხებულად იყენებდა ადგილ. ბუნებრივ პირობებს, უსაფრდებოდა მტერს, ღამით აწყობდა თავდასხმებს. ამით აიძულებდა მტერს საომარი ოპერაციები შეეწყვიტა და ციხესიმაგრეებში ჩაკეტილიყო. ლ. I-ის თანამედროვე და შემდგომი დროის ქართვ. და უცხოელი ავტორები, მ. შ. თვით მოწინააღმდეგენიც, მას ახასიათებდნენ როგორც კარგ სარდალს, მამაც და გულად მებრძოლს; უწოდებდნენ თავდადებულ გმირს, რ-მაც  წლების თავგანწირული ბრძოლით დაიცვა „ქართველობა“. ქრისტიანობისათვის თავდადების გამო ლ. I ქართულმა ეკლესიამ „მოწამეთა თანა შერაცხა“.

წყარო: გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., „საისტორიო მოამბე“, 1925, [ტ.] 2; ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ. ქართლის ცხოვრება, ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1969.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1968; გაბაშვილი ვ., ქართული ფეოდალური წყობილება XVI–XVII საუკუნეებში, თბ., 1958; გუჩუა ვ., ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მთლიანობის აღდგენისათვის XVI საუკუნეში, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ოდიშელი ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV–XVII სს.), კრ.: XIV–XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964; საქართველოს ისტორია, ტ. 3, საქართველო XIII საუკუნიდან XIX საუკუნამდე, თბ., 2012; საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბ., 1994; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი, თორმეტ ტომად, ტ. 4, თბ., 1996.

ვ. გუჩუა