„ლუგელა“

„ლუგელა“, სამკურნალო მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს ჩხოროწყუს მუნიციპ-ში, მდ. ხობისწყლის ხეობაში, სოფ. მუხურიდან 4 კმ დაშორებით. ზ. დ. 290 მ სიმაღლეზე. წყალი გამოდის ბაიოსური ასაკის ძლიერ დისლოცირებული ქანებიდან. „ლ.“ ურთულესი ქიმ. შედგენილობისაა. იგი მიეკუთვნება ქლორიდული ჯგუფის წყლებს და თვითონ ქმნის მინერ. წყლების ტიპს. ლ. კალციუმის ქლორიდის 9,5%-იანი ხსნარია. ძირითადად შეიცავს კალციუმის კათიონს, ქლორის ანიონს და ბრომს. თანმხლები გაზია მეთანი, მცირე რაოდენობით შეიცავს ფთორის, იოდისა და სულფატის ანიონებს, ასევე – ნატრიუმის, კალციუმისა და მაგნიუმის კათიონებს. მნიშვნელოვანი მინერალიზაციის გამო დიდხანს ინახება, ჩამოსხმისას არ საჭიროებს ნახშირორჟანგით გაჯერებას. აღნიშნული თვისებების გამო „ლ.“ უნიკალურია.

სამედ. გამოკვლევებით დადგენილია, რომ „ლ.“ მიეკუთვნება სამკურნ.-სასმელი წყლების კატეგორიას, რ-ის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

დებიტი 22 მ 3 დღ.-ღ. „ლ-ს“ პირველი ქიმიური ანალიზი ჩაატარა აკად. რ. კუპცისმა 1927. წელიწადში (1981) ისხმებოდა დაახლ. 0,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ).