„ლუდი ბათუმური“ (შპს), ლუდის კომპანია ბათუმში. ლუდის წარმოების ერთ-ერთი მსხვილი საწარმო საქართველოში. XX ს. 20-იან წლებში ბათუმში გაიხსნა პირველი კუსტარული ტიპის ლუდის სახდელი, რ-იც საუკეთესო ლუდს უშვებდა. 1937 დაიწყო ლუდის ქ-ნის მშენებლობა (შეფერხდა II მსოფლიო ომის პერიოდში), რ-იც ექსპლუატაციაში შევიდა 1951 „ბათუმის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხნის“ სახელწოდებით. ამავე წლიდან დაიწყო ლუდის წარმოება ჩეხი სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეცეპტურით. ქ-ნაში დღეში 40000-მდე ლ ლუდი იხარშებოდა, დასაქმებული იყო 300-მდე მუშახელი. 1976–78, 1987–89 ჩატარდა ქ-ნის რეკონსტრუქცია, რ-ის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა საწარმოს სიმძლავრე და პროდუქციის ხარისხი. 1998 განხორციელდა ბათუმის ლუდის ქ-ნის პრივატიზაცია და მის ბაზაზე შეიქმნა შპს „ლ. ბ.“ კომპანია 100%-ით კერძო საკუთრებაა. ქ-ნა განთავსებულია 2,5 ჰა-ზე. კომპანია თავდაპირველად 7 სახის ლუდს აწარმოებდა ჩეხური რეცეპტურით, მაგრამ დროთა განმავლობაში გადაერთო ცოცხალი, არაპასტერიზებული ლუდის წარმოებაზე. ამჟამად ლუდსახარში ამზადებს ერთი სახის, „პილზნერის“ ტიპის ლუდს ბრენდული სახელწოდებით – „ლუდი ბათუმური“. ცოცხალი ლუდის მოსამზადებლად საჭირო ნედლეულის: ალაოს, ქერის და სვიის შესყიდვა ძირითადად უკრაინიდან და გერმანიიდან ხორციელდება. ბათუმური ლუდის რეალიზაცია ხდება როგორც ბითუმად, ასევე საცალოდ – 5- და 3-ლიტრიან PET-ის ბოთლებში ჩამოსხმით, მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომპანია 2017-იდან ფლობს საერთაშ. სტანდარტების სერტიფიკატებს, კერძოდ, ISO 9001: 2015, ISO 22000: 2018 და HACCP.
2019 წ. 11 ივლისს მწყობრში ჩადგა ლუდსახარშ „ლ.ბ-ის“ ახ. თანამედროვე სტანდარტების მოდერნიზებული საწარმო, აღჭურვილი ჩეხური და სლოვაკური დანადგარებით. ლუდის ძვ. ქ-ნა, რ-იც აერთიანებს ისტ. შენობა-ნაგებობებსა და მანქანა-დანადგარებს, ხელუხლებელი დარჩა. ბათუმის ლუდის ქ-ნა შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. არსებობს პროექტი მისთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ლ. აბრამიშვილი