ლუდოვიკო ბოლონიელი

ლუდოვიკო ბოლონიელი (Ludovico Bolognese) (XV ს.), მარონიტების ორდენის იტალიელი მისიონერი და ნუნციუსი (რომის პაპის წარმომადგენელი აღმოსავლეთის ქვეყნებში). მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დიპლ. სარბიელზე, კერძოდ, XV ს. II ნახ. ანტიოსმ. კოალიციის შექმნის მცდელობისას. ლ. ბ.  დაწინაურდა პაპ კალიქსტუს III-ის დროს, რ-მაც იგი აღმოსავლეთში გაგზავნა და დაავალა ნიადაგის მოსინჯვა აღმ. ქრისტიან და არაქრისტიან მბრძანებელთა ანტიოსმ. კოალიციაში გასაერთიანებლად. ლ. ბ-მა ორჯერ იმოგზაურა აღმოსავლეთში. 1459 საქართველოში ჩამოვიდა და მეფე გიორგი VIII-ს რომის პაპის გეგმა გააცნო, უკან დაბრუნებისას კი თან წაიღო მეფისა და სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II-ის წერილები. მისი შუამდგომლობით მოხერხდა ქართველ მეფე-მთავართა შერიგება.  1459 ლ. ბ. ანტიოსმ. კოალიციაში შესაძლო მონაწილე ქვეყნების ელჩებთან ერთად ევროპაში დაბრუნდა და 1460 ისინი პაპ პიუს II-ს წარუდგინა. ზოგიერთი ცნობით პიუს II-მ  ლ. ბ. თბილისელ კათოლიკეთა ეპისკოპოსად დანიშნა.

ლიტ.: თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის... ტფ., 1902; მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი, XV ს. II ნახევარში და XVI ს-ში, თბ., 1981; პაიჭაძე დ., ევროპის ქვეყნების ანტიოსმალური კოალიცია და საქართველო XVI ს. 60-იან წლებში, თბ., 1989; ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, მთ.რედ. რ. მეტრეველი, ტ. 1, თბ., 1997; ჯავახიშვილი ივ., თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.

ვ. გოილაძე