ლუდსახარში „ნატახტარი“

ლუდსახარში „ნატახტარი“

ლუდსახარში „ნატახტარი“ („ეფეს საქართველო“ – სააქციო საზოგადოება „ლომისი“), ლუდისა და გაზიანი უალკოჰოლო სასმელების კომპანია. ლუდსახარში აშენდა 2005 სოფ. ნატახტარში (მცხეთის მუნიციპ.), რასაც ხელი შეუწყო დედაქალაქთან სოფლის სიახლოვემ და ნატახტრის წყლის უნიკალურმა თვისებებმა. 2008 ლუდსახარშის 100%-იანი წილი შეიძინა მსოფლიოში ლუდის მწარმოებელმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანია „ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფმა“ (Efes Breweries International – EBI). ამჟამად ლ. „ნ-ის“ მფლობელია „ეფეს საქართველო“. იგი ლუდისა და ლიმონათის ბაზრის ლიდერია საქართველოში. მან საწარმოში დანერგა საერთაშ. სტანდარტები და ხარისხის მართვის სისტემა, განახორციელა ინვესტიციები საწარმოო ხაზებისა და ლაბორ. უახლესი დანადგარებით აღჭურვისათვის. ლაბორატორია უზრუნველყოფს პროდუქციის მიკრობიოლოგიურ და ჰიგიენურ უსაფრთხოებას. 2012 „ეფეს საქართველომ“ ექსპლოატაციაში ჩაუშვა ჩამდინარე წყლების ბიოლ. გამწმენდი ნაგებობა, რ-მაც მნიშვნელოვნად შეამცირა გარემოზე მავნე ზემოქმედება. ლ. „ნ“. მომხმარებელს სთავაზობს ლუდის 11 ბრენდს („ნატახტარი“, „ქარვა“, „კასრის“, „სტაროპრამენი“, „ლოვენბრაუ“, მ. შ. იმპორტირებულ ბრენდებს: „ეფესი“, „სტელა არტუა“, „ლეფე“, „ჰოეგარდენი“, „კორონა“) და ერთ ქვებრენდს („ნატახტარი ექსტრა“), ლიმონათის 7 არომატს და ახ. გამაგრილებელი გაზირებული სასმელის, „ნატახტარი ზიგზაგის“ ორ მიქსს; ასევე ლიმონათს დიეტური/დიაბეტური შემადგენლობით. ლუდის საწარმოებლად საჭირო ნედლეულს (სვია, ალაო, საფუარი) იღებენ გერმანიიდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან, დამხმარე მასალა (ბოთლი, ეტიკეტი, საცობი) იწარმოება საქართველოში და ასევე შემოდის სხვა ქვეყნებიდან.

კომპანია საექსპორტო ბაზარზე წარმოდგენილია 2006-იდან. ამჟამად ლუდისა და ლიმონათის ექსპორტი ხდება 21 ქვეყანაში. EBI-ის სტრატეგიული პარტნიორი არის Anheuser-Busch InBev – ლუდის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი მსოფლიო ბაზარზე.

ლ. „ნ-ის“ პროდუქციას სხვადასხვა გამოფენაზე, ბაზრობასა და კონკურსზე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მ. შ.: Monde selection-ზე (ბორდო, საფრანგეთი) ლუდმა „ნატახტარმა“ მოიპოვა ოქროს მედალი (2014), ხოლო ლიმონათმა – ვერცხლის მედალი (2010), ამასთანავე ლუდ „ნატახტარს“ გადაეცა უმაღლ. გემოს ჯილდო (Superior Taste Award) ბრიუსელში International Taste Institute-ის მიერ (2022). „ეფეს საქართველო“ სოც. კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოების მფლობელია. ასევე მიღებული აქვს მრავალი საერთაშ. სერტიფიკატი. კომპანია ეწევა ქველმოქმედებას.

ლ. აბრამიშვილი