ლუთხუბი

ლუთხუბი, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის თემი), გუდამაყრის ქედის დას. კალთაზე, მდ. ლუთხუბის (გუდამაყრის არაგვის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1440 მ, დუშეთიდან 63 კმ, 23 მცხ. (2014).

სოფლის ზედა უბანში მდებარეობს ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ეკლესია, რ-იც XIX ს. II ნახ-ში აუგია გუდამაყრის მოსახლეობას. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. იგი სამხრ-იდან მიშენებულია ადრე იქვე მდგარ მცირე დარბაზულ ეკლესიაზე, რ-შიც მოხვედრა მხოლოდ გვიან მიშენებული ეკლესიის ჩრდ. კედელში გაჭრილი კარიდან შეიძლებოდა. გადმოცემით, ეკლესია მოხატული ყოფილა. თავდაპირველი ეკლესია გეგმით მართკუთხაა, განეკუთვნება გვიანდ. შუა საუკუნეებს. ნაგებია სუფთად გათლილი ქვის კვადრებით. ძლიერ დაზიანებულია. ეკლესიაზე დას-იდან მიშენებული ოთხკუთხა სათავსის კედლების მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 2, თბ., 2004.