ლუკა (Lucca) ჯოვანი და (XVII ს.), დომინიკელთა ორდენის იტალიელი ბერი. 1642 პაპმა ურბან VIII-მ გაგზავნა აღმოსავლეთში კათოლ. რელიგიის პროპაგანდისათვის. 1634 დომინიკელთა მისიის პრეფექტი იყო ყირიმსა და კაფაში. იმოგზაურა საქართველოში. ავტორია წიგნისა „კასპიისპირეთის თათრების, ნოღაელების, ჩერქეზებისა და ქართველების ცხოვრების წეს-ჩვეულებების აღწერა“ („Описание образа жизни и нравов прикаспийских татар, ногайцев, черкесов и грузин‟), რ-იც დორტელი დ’ასკოლის შავიზღვისპირეთის თათრებისა და ჩერქეზების დაწვრილებითი აღწერილობის გაგრძელებაა, თუმცა ლ. მნიშვნელოვნად აფართოებს გეოგრ. საზღვრებს აღმ-ით – დერბენდამდე, ხოლო სამხრ-ით – შავიზღვისპირეთამდე (აფხაზეთამდე). წიგნი 4 ნაწილისაგან შედგება: პერეკოპის თათრები, ნოღაის თათრები, ჩერქეზები და აფხაზები. ქართ. ისტორიოგრაფიისათვის განსაკუთრებით საინტერესოა სოხუმის აღწერილობა. ლ. აღნიშნავს, რომ აქ ხშირად შემოდიან გემები ტრაპეზუნდიდან, კონსტანტინოპოლიდან, კაფიდან და გამოსაზამთრებლად რჩებიან.
ლიტ.: Гарданов В. К., Адыги, балкарцы и Карачаевцы в известиях европейских авторов XIII–XIX вв., Нальчик, 1976; Полиевктов М. А., Европейские путешественники XIII–XVIII вв. по Кавкaзу, Тфл., 1935.
ც. ყიფიანი