ლუკა იერუსალიმელი

ლუკა იერუსალიმელი, მუხაის ძე (დაახლ. 1245–73), სასულიერო მოღვაწე, წმინდანი. 20 წლისა გაემგზავრა იერუსალიმში, სადაც ბერად აღიკვეცა. მან კარგად შეისწავლა არაბული ენა. თავდაპირველად დიაკვნად, ხოლო შემდეგ წინამძღვრად აკურთხეს იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერში, რ-საც სამი წელი (1270–73) მართავდა. 1273 ჯვრის მონასტერი მამლუქებმა მიიტაცეს და ლ. ი. სიკვდილით დასაჯეს (იხ. „ლუკა იერუსალიმელის მარტვილობა“). საქართვ. მართლმადიდებელმა ეკლესიამ ლ. ი. წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღეა 12(25) თებერვალი.

ლიტ.: კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980; ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, რედ. ა.  მიქაბერიძე,  თბ.–ათენი, 2003.