ლურსმანაშვილი ოთარ ვასილის ძე (1. III. 1931, სოფ. ტბა, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, – 27. X. 2013, თბილისი), გეოფიზიკოსი, დოქტორი (1998), პროფესორი (1999), საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკადემიის ნამდვ. წევრი (1995).
1954 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი მყარი სხეულის ფიზიკის სპეციალობით. შემდეგ მუშაობდა მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტში, 1969-იდან – თსუ-ის გეოგრაფია-გეოლ. ფაკ-ტის ძებნა-ძიების გეოფიზ. მეთოდების კათედრაზე (დოცენტი, პროფესორი). მონაწილეობდა სომხეთში სპიტაკის რ-ნში მომხდარი მიწისძვრის პრობლემების კვლევაში (1988).
გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, რ-თა უმეტესობა შეეხება კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში მიწისძვრების პროგნოზირებას, სეისმური ტალღების მოდელირებას, გეომაგნიტური ქარიშხლების განმეორებადობას.
თხზ.: კურილია-კამჩატკის მიწისძვრების განმეორების სპექტრული ანალიზი, თბ., 2002; გეომაგნიტური ქარიშხლების განმეორებადობის სპექტრული ანალიზი, თბ., 2005.