ლუტიძე შოთა ივანეს ძე (24. V. 1927, სოფ. ზედა ალისუბანი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი, – 7. IV. 2010, მოსკოვი), ელექტროენერგეტიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1966), პროფესორი (1974), საქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვ. წევრი (1992). დაამთავრა სპი ელექტროენერგეტიკის სპეციალობით (1949). იმავე წელს მუშაობა დაიწყო ხარკოვის ელექტრომექან. ქ-ნაში, შემდეგ – მოსკოვის გ. კრჟიჟანოვსკის სახ. ენერგეტიკის ინ-ტში ლაბორ. უფროსად. ლ-ის სამეცნ. ნაშრომები ეხება ზეგამტარობის გამოყენებისა და ამ მოვლენის საფუძველზე ენერგოგარდაქმნის პრობლემების კვლევას. მან გამოიკვლია ზეგამტარი ტრანსფორმატორების კრიოგენული გარდაქმნების, ზეგამტარი ინდუქციური დამგროვებლების, კვების სხვადასვა მოწყობილობებისა და დანადგარების არაერთი ახალი კონსტრუქცია. ლ. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას მოსკოვის ენერგეტიკისა და ი. გუბკინის სახ. ნავთობის, ქიმიისა და გაზის მრეწველობის ინ-ტებში.
ლ. საქართველოში (სპი-ში) ხელმძღვანელობდა ელექტრული სადგურების, ქსელებისა და სისტემების, ელექტრული მანქანებისა და აპარატების კათედრებს (1987–94). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები და მონოგრაფიები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები და მედლები.
თხზ.: Новая электротехника, М., 2010.