ლუფარი (Pomatomus saltatrix), თევზის ერთადერთი სახეობა ლუფარისებრთა ოჯახისა (Pomatomidae). აქვს წაგრძელებული, გვერდებიდან შებრტყელებული სხეული, რ-იც დაფარულია მცირე, მომრგვალებული ქერცლით. ზურგის ორ ფარფლს შორის შუალედია. პირველ ფარფლში 7–8 მჩხვლეტი სხივია, მეორეში – ერთი მჩხვლეტი და 23–28 რბილი სხივი, ანალურ ფარფლში კი – 2–3 მჩხვლეტი და 23–27 რბილი სხივი. ზურგის პირველი ფარფლი მოკლეა და ღარად ლაგდება, მეორე რბილია და, სიმეტრიული ანალური ფარფლის მსგავსად დაფარულია მჭიდრო წვრილი ქერცლით. კუდის ფარფლი ორკაპია. მკერდისა და მუცლის ფარფლები ძალიან მოკლეა. აქვს დიდი თავი და ძლიერი, ბასრი კბილები.
თევზის სიგრძეა 115 სმ, მასა 15 კგ აღწევს, ზურგი მომწვანო-მოლურჯოა, მუცელი – ვერცხლისფერი. მკერდის ფარფლების ფუძესთან აქვს მუქი ლაქა. გუნდური თევზია. ბინადრობს წყლის ზედაპირთან. მოგზაურობს დიდ, ზოგჯერ რამდენიმე ათასი თევზისგან შემდგარ ქარავნად. ახორციელებს მნიშვნელოვან სეზონურ მიგრაციებს.
გვხვდება ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში, ტროპ. და ზომიერი სარტყლების წყლებში. საქართველოში გავრცელებულია შავ ზღვაში. მტაცებელია. იკვებება თევზებით. ლ. ძვირფასი სარეწაო თევზია.
ნ. ნინუა