„ლიტერატურული საქართველო“, ყოველკვირეული ლიტერატურული გაზეთი. დაარსდა 1931 წ. ნოემბრში, თბილისში. გამოდიოდა ათ დღეში ერთხელ – თავდაპირველად საქართვ. საბჭ. მწერლების ფედერაციის, ხოლო მომდევნო წლიდან – მწერალთა კავშირის ეგიდით. თავიდან ეწოდებოდა „სალიტერატურო გაზეთი“ (1931–34), შემდგომ – „ლიტერატურული საქართველო“ (1934–35), „ლიტერატურა და ხელოვნება“ (1943– 53), „ლიტერატურული გაზეთი“ (1953–1963), „ლიტერატურული საქართველო“ (1963-იდან დღემდე). სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ: შ. რადიანი (1931, 1937–45), დ. დემეტრაძე (1932–33, 1937), პ. ქიქოძე (1933–35), ა. თათარაშვილი (1936–37). გ. ნატროშვილი (1946–63), ი. ნონეშვილი (1963–67), რ. თვარაძე (1967–68), რ. მარგიანი (1968–73), ვ. ჭელიძე (1973–87), ე. ჯაველიძე (1987–91), ს. სიგუა (1991), თ. წივწივაძე (1992–2018). 1941–43 გაზეთს ხელს აწერდა რედკოლეგია (ი. აბაშიძე, შ. დადიანი, ს. ეული, გ. ლეონიძე, გ. ნატროშვილი, შ. რადიანი, ვ. წულუკიძე). 2008–13 წ. მაისამდე გაზეთი დახურული იყო. 1995-იდან გაზეთს იურიდიული სტატუსი შეეცვალა და გახდა შპს გაზ. „ლიტერატურული საქართველო“. 2019 წ. ოქტომბრიდან „ლ. ს.“ გამოდის ი. ამირხანაშვილის რედაქტორობით.
„ლ. ს-ში“ იბეჭდება მხატვრული ლიტ-რა, მ. შ. რეპრესირებულ მწერალთა ნაწარმოებები, ასევე კრიტ. და პუბლიც. სტატიები, თარგმანები, წერილები თანამედროვეობის მნიშვნელოვან საკითხებზე. გაზეთი დღემდე აქტიურად ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
ა. კოხრეიძე