მეძმარიაშვილი ელგუჯა ვიქტორის ძე (დ. 17. VII. 1946, ბათუმი), მეცნიერი კოსმოსური და სამხ.-საინჟ. ტექ. დარგში; პირველი ქართ. კოსმოსური ობიექტის გენ. კონსტრუქტორი (1999); აკადემიკოსი (2013; წ.-კორ. 2001); ტექ. (1994) და სამხ. მეცნ. (2004) დოქტორი; პროფესორი (1995); სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1996); გენერალ-მაიორი (1999).
დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამშენებლო ფაკ-ტი (1969). 1969-იდან იქვე იყო ასპირანტი; ინსტიტუტის გაერთიანებული პროფესიული კომიტეტის თავმჯდომარე; სპი-ს ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე; მუშაობდა დოცენტად, სტუდენტთა საკვლევ-საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად, პროფესორად, სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის, შემდგომ კი თავისივე დაარსებული სამხ.-საინჟ. შეიარაღებისა და სპეც. ნაგებობების კათედრის გამგედ. მოსკოვის ცენტრალური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება “კომეტას” თბილისის ქვედანაყოფის, შემდგომ სახელმწ. სპეც. საკონსტრუქტორო ბიუროს მთ. კონსტრუქტორად და უფროსად (1981_91); ასევე იყო საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინ-ტის გენ. კონსტრუქტორი და გენ. დირექტორი (1991_2006); საქართვ. პარლამენტის მეხუთე მოწვევის წევრი (1999_2004); საქართვ. თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ჯარების საინჟინრო უზრუნველყოფის დარგში (1991_2006); მისივე ინიციატივით შექმნილი საქართვ. შეიარაღებული ძალების გენ. შტაბის სამხ.-საინჟ. აკად. პრეზიდენტი (2001_06). მ. არის სტუ-ის ნაგებობების, სპეც. სისტემებისა და საინჟ. უზრუნველყოფის ინ-ტის გენ. კონსტრუქტორი (2006-იდან), სტუ-ის პროფესორი (2009-იდან) და სამთო ინ-ტის მთ. მეცნიერი თანამშრომელი (2015-იდან); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საინჟინრო მეცნ. და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი (2019-იდან), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. მიერ დაარსებული სამხ. ჟურნალის − „სამხედრო მეცნიერება. საქართველო“ − რედაქტორი (2016-იდან).
მ-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: კოსმოსური და მიწისზედა სპეც. დანიშნულებისა და სამხ.-საინჟ. ნაგებობები და კომპლექსები; ტრანსფორმირებადი საინჟ. სისტემების თეორია: საქართვ. ტერიტ. თავდაცვისთვის საინჟ. მომზადება; საბრძოლო მოქმედებების სამხ.-საინჟ. უზრუნველყოფა და სამხ. თეორია.
მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დამუშავდა ავტონომიური, დიდი ზომის კოსმოსური და მიწისზედა კომპლექსები (1982-1989), მათ შორის ბალისტიკური რაკეტების სტარტის ადრეული აღმოჩენის კოსმ. და მიწისზედა სისტემები, რ-ებიც აგებული იყო დიდი ზომის, 30 მეტრი დიამეტრის გასაშლელი რეფლექტორული ანტენების ბაზაზე. ასევე იყო უშუალო მონაწილე შეწყვილებული წრიული 20-მეტრიანი კონსტრუქცია „კრაბის“ (განხორციელდა კოსმოსურ ხომალდ „პროგრეს 40-ზე“; 1989) და 14,5-მეტრიანი ნაგებობა „სოფორას“ საბაზო კონსტრუქციის (რეალიზებულია ორბიტალურ სადგურ „მირზე“ ღია კოსმოსურ სივრცეში; 1991) შექმნისა.
მისი სამეცნიერო და საპროექტო კონცეფციით საქართველოში აშენდა კოსმოსური ნაგებობების აგებისა და სრულმასშტაბიანი გამოცდების სასტენდო კომპლექსი საგურამოში და ბორჯომის რაიონის მთიან ზონაში აიგო მიწისზედა ტრანსფორმირებადი ნაგებობების ექსტრემალურ პირობებში გამოცდების პოლიგონი.
საქართვ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მ-ის მიერ რეალიზებულ სამუშაოებში აღსანიშნავია პირველი ქართ. კოსმოსური ობიექტი „რეფლექტორი“ (გავიდა ორბიტაზე 1999 წ. 23 ივლისს, წარმატებით გაიშალა და გამოიცადა); საქართველოში 23 ივლისი დაწესდა “პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ” (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება #337, 19.VII.2002); თავდაცვითი დანიშნულებისა და ექსტრემალური პირობებისთვის შექმნილი მობილური, სწრაფასაგები 48-მეტრიანი სიგრძის ხიდი; საქართვ. სამგანზომილებიანი სამხ.-საინჟ. რუკა; საქართვ. ტერიტ. და მასზე განლაგებული ობიექტების სამხ.-საინჟ. კატალოგების შექმნა და სახელმწ. მიზნობრივი პროგრამის შესრულება; სპეც. რ-ნების მაღალი სიზუსტის კოსმოსური გადაღებების მონაცემთა ციფრული ბანკის შექმნა. მ-ს საქართველოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, მ. შ. სახელმძღვანელოები, სმხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი და მონოგრაფიები; არის გამოგონებების ავტორი. მიღებული აქვს ევროკავშირისა და აშშ-ის პატენტები.
მ-ის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შესრულდა სამეცნიერო და ტექნოლოგიური სამუშაოები (1996-2025) კომპანიებისა და ორგანიზაციების: „Daimler Benz Aerospace” - გერმანია, “Alenia Aerospazio” - იტალია, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროპული კოსმოსური სააგენტო - ESA და „EOS Data Analytics” - აშშ კონტრაქტებით, მათ შორის, ევროპული კოსმოსური სააგენტოს ტექნდერი (2001), ახალი თაობის დიდი ზომის გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორული ანტენების შესაქმნელად.
მისი სამეცნიერო სამუშაოების ბაზაზე შეიქმნა ახალი დისციპლინა „ტრანსფორმირებადი ნაგებობები“, რომელიც 2011 წლიდან, როგორც ძირითადი საგანი იკითხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.
მ-მა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოში პირველად, აამოქმედა სადოქტორო პროგრამა სამხედრო მეცნიერების დარგში.
დაჯილდოებულია ღირსებისა (1996) და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის (1999) ორდენებით; საზღვარგარეთისა და საერთაშ. ორგანიზაციების სახელმწ. და საუწყებო ორდენებითა და მედლებით. არის გ. ნიკოლაძის სახ. პრემიის ლაურეატი (2007). მიღებული აქვს საქართველოს პატრიარქის სიგელები (2004 და 2007), არის მცხეთის (1999), ბათუმის (2018) და თბილისის საპატიო მოქალაქე (2018).
თხზ.: საქართველოს სამხედრო-საინჟინრო დოქტრინის საფუძვლები, თბ., 2006; Трансформируемые конструкции в космосе и на земле, Тб., 1995; Novel approach to ihdirect actions of military theory, Norderstedt, Germany, 2009.
ლიტ.: დოლიძე ლ. გენერლები საქართველოდან, თბ., 2003; პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი. სარედაქციო ჯგუფი. თბ., 2016.
პ. მამრაძე