ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთის რეგიონი). აღმ-ით ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა, დას-ით ყვარლის მუნიციპალიტეტი, ჩრდ-ით რუსეთის ფედერაცია (დაღესტანი), სამხრ-ით გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები. ფართ. 890,2 კმ², მოსახლ. 41,2 ათ. კაცი (2014). ადმ. ცენტრი – ქ. ლაგოდეხი. მუნიციპალიტეტში შედის 1 ქალაქი (ლაგოდეხი), 67 დასახლებული სოფელი 14 თემი (არეშფერანი, აფენი, ბაისუბანი, გიორგეთი, ვარდისუბანი, კაბალი, კართუბანი, ლელიანი, მაწიმი, ნინიგორი, ფონა, შრომა, ცოდნისკარი, ჭიაური).
ისტორიული ცნობა. ძვ. წ. VI– III სს-იდან ახლანდ. ლ. მ-ის ტერიტორია ქართლის სამეფოს, ადრეული და განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში – ქართლის საერისმთავროს, VIII ს-ში – ჰერეთის სამთავროს, შემდეგ – ჰერეთის სამეფოს მაჭის საერისთავოს, კახეთ-ჰერეთის სამეფოსა და ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში იყო. XV ს-იდან შედიოდა კახეთისა და შემდეგ – ქართლ-კახეთის სამეფოში, ეკლესიურად ექვემდებარებოდა ნეკრესის საეპისკოპოსოს. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების (1801) შემდეგ საქართვ. გუბერნიის, 1917-მდე კი თბილ. გუბერნიის სიღნაღის მაზრაში შედიოდა. 1921-იდან, საქ. სსრ ადმ.-ტერიტ. დაყოფით, სიღნაღის მაზრაში იყო, 1930-იდან დამოუკიდებელი რაიონია. 2006- იდან ეწოდა ლ. მ.
შაჰ-აბასის შემოსევებისა და ლეკიანობის შედეგად XVII–XVIII სს-ში ეს ტერიტორია ქართველებისგან დაიცალა. ი. ჭავჭავაძის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბისა და სათავადაზნაურო ბანკის აქტიური მოღვაწეობის შედეგად მოხდა იმერეთის, რაჭისა და კახეთის რ-ნებიდან ქართველთა მასობრივი ჩასახლება. 1857–59 ალექსანდრე II-მ პოლონეთის აჯანყების მონაწილეები ჩაასახლა, მოგვიანებით კი აქ რუსები და უკრაინელები დამკვიდრდნენ.
ბუნება. რელიეფურად ლ. მ-ის ტერიტორია იყოფა ორ ძირითად ნაწილად: ვაკისა და მთის. მთიანი ნაწილი გაშლილია კახეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე. კახეთის კავკასიონი ლ. მ-ის საზღვარზე მთავრდება მთა ტინოვროსოსთან (3374 მ.) კახეთის კავკ. თხემი შედარებით ნაზკონტურებიანი რელიეფით გამოირჩევა. მაღალმთიანი ზონა აგებულია ლიასური ასპიდური ფიქლებით და ქვიშაქვებით, დაბალი მთისწინეთის ზონა – ზედაიურულ ვალანჟინური მერგელოვანი ფიქლებით. აქა-იქ შემორჩენილია მყინვარული ცირკები და კარები. თხემზე განლაგებულია მწვერვალები: ხოცალდაღი (3484 მ), ხიმრიკი (3109 მ), ნუსულოსა (2929 მ), უღელტეხილები: მსხალგორა (290 მ) და მაჩხალროსა (3066 მ) ალაზნის ვაკე დაფარულია ახალგაზრდა მეოთხეული ნალექებით – კენჭნარით, ქვიშებით და თიხებით.
ჰავა. ალაზნის ვაკეზე ზომიერად ნოტიო სუბტროპ. ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლიური ტემპ-რა 13 °C, მინ. –23 °C. წელიწადში 650 მმ-იდან 1080 მმ-მდე ნალექი მოდის, მაქს. მაისშია, მინ. – იანვარში. ახასიათებს გვალვა, სეტყვიანობა. მთიან ნაწილში ზომიერად ნოტიო ჰავაა, მაგრამ იცის ცივი ზამთარი და გრილი ზაფხული. იანვრის საშ. ტემპ-რა –3°C-დან – 8 °C-ის ფარგლებშია, ხოლო აგვისტოში 10–19 °C. ნალექების რაოდენობაა 1200–1800 მმ წელიწადში.
შიდა წყლები. ლ. მ. მდიდარია შიდა წყლებით. მთავარ ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის მდ. ალაზანი, რ-იც ჩამოედინება გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპ-ების საზღვარზე და მისი შენაკადები. კაბალი (ალაზნის მარცხ. შენაკადი) იწყება კავკ. სამხრ. კალთაზე და ერთვის მდ. ალაზანს მარცხენა მხრიდან. კახეთის კავკასიონიდან ჩამოედინება მდ. მაწიმი (ალაზანს უერთდება აზერბაიჯანის ტერიტორიიდან.), რომლის ერთ-ერთი მთავარი შენაკადია ლაგოდეხისწყალი. სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია ბაისუბანი, შრომისხევი, ნინოსხევი. ალპურ ზონაში არის ტბები: ბაშლეხელი, ხალახელი და სხვ. ბაშლეხელის (ზ. დ. 2713 მ, სიღრმე 12,8 მ). ქვაბული მყინვარული წარმოშობისაა, წყალი სუფთა და გამჭვირვალეა, საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. მისგან გამოედინება მდ. შრომისხევი (ალაზნის მარცხ. შენაკადი). ლ. მ. ცნობილია გოგირდოვანი მინერ. წყლებითაც.
ნიადაგები. ლ. მ-ის მაღალმთიან ნაწილში განვითარებულია მთა-მდელოს კორდიანი, ასევე საშ. და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგები. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია მდელოს ალუვიურ-უკარბონატო ნიადაგი, გამოზიდვის კონუსებსა და შლეიფებზე კი – ალუვიურ-პროლუვიური ნიადაგები.
მცენარეული საფარი. კახეთის კავკასიონზე გავრცელებულია მუხნარ-რცხილნარი, უფრო მაღლა გვხდება წიფლნარი, ნეკერჩხალი, წაბლი, ცაცხვი, რცხილა. ალაზნის ვაკეზე შემორჩენილია ვაკის ლეშამბოიანი ტყეები, სადაც ხარობს ცაცხვი, იფანი, ნეკერჩხალი, მუხა, რცხილა, თელა, ვერხვი. მდ. ალაზნის გასწვრივ გავრცელებულია ჭალის ტყე.
ცხოველთა სამყარო. ცხოველებიდან გვხვდება შველი, ირემი, დათვი, არჩვი, მგელი, აღმ. კავკ. ჯიხვი და კავკასიური ირემი, აგრეთვე როჭო, შურთხი, მთის არწივი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები.
ლანდშაფტები. ლ. მ-ის ტერიტორიაზე გამოიყოფა ლანდშაფტების შემდეგი სახეები: 1. დაჭაობებული ვაკე მურყნარ-ლაფნარით ალუვიურ და მდელო-ტყის ნიადაგებზე; 2. ვაკე მდელო-ბუჩქნარით, ალუვიურ უკარბონატო ნიადაგებზე; 3. გამოზიდვის კონუსებიანი ტყიან-ბუჩქოვანი ვაკე ალუვიურ-პროლუვიური ნიადაგებით; 4. მთისწინეთი მუხნარ-რცხილნარით ტყის ყომრალ ნიადაგებზე; 5. ციცაბოკალთიანი საშუალომთიანეთი წიფლნარით და წაბლნარით ტყის ყომრალ ნიადაგებზე; 5. სუბალპური მდელოები; 6. ალპური მდელოები.
მოსახლეობა. უმეტესობა ქართველია (71,49%), სხვა ეროვნების წარმომადგენლებიდან 23,04%-ს შეადგენენ აზერბაიჯანელები. დაახლ. 85% ცხოვრობს სოფლად. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 1 კმ²-ზე 346,8 კაცი (2014).
მეურნეობა. წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მ. შ. მეთამბაქოეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა; მოჰყავთ მარცვლოვანი, ეთერზეთოვანი და ბაღჩეული კულტურები. მრეწველობიდან აღსანიშნავია თხილის საწარმო "აგრითრეიდი" ლაგოდეხში, ლუდის საწარმო "კრისტალი" სოფ. აფენში, ჰერეთის ღვინის მარანი სოფ. ბაისუბანში, სამშენებლო მასალებისა და ასფალტ-ბეტონის, ასევე სხვა პროფილის მცირე საწარმოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საერთაშ. მნიშვნელობის გზა ლაგოდეხი–ზაქათალის მიმართულებით, სადაც განთავსებულია ლაგოდეხის საბაჟო-გამშვები პუნქტი.
კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. ლ. მ-ში ფუნქციონირებს 28 საჯარო სკოლა, 31 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ევროპის სასწავლებლის ფილიალი ქ. ლაგოდეხში, საზოგადოებრივი კოლეჯის "აისის" ფილიალი სოფ. შრომაში, სახელოვნებო სკოლები ლაგოდეხში, სოფ. აფენში, ლელიანსა და ვარდისუბანში.
მუნიციპალიტეტში არის სახ. დრამ. თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (მისი ფონდი შედგება ძველი ჰერეთისა და მიმდებარე ტერიტ. არქეოლ. გათხრების შედეგად მოპოვებული მასალისაგან), თოჯინების სახ. თეატრი; ფუნქციონირებს ქორეოგრ. ანსამბლები: "ჰერეთი", "ილიელი", "ლაკვასტა" და ფოლკლორული ანსამბლი "გრაალი"; ცენტრ. (ლაგოდეხი) და სასოფლო (ვარდისუბანი, გიორგეთი, კარტუბანი და ლელიანი) ბ-კები. სპორტული კომპლექსებია ქ. ლაგოდეხში, სოფ. ჭაბუკიანსა და ცოდნისკარში.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება 2 სამკურნ. დაწესებულება (შპს "არქიმედეს კლინიკა" და შპს "კელაპტარი") და 14 ამბულატორია.
ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. აღსანიშნავია სოფ. ლელიანში მდებარე წმ. თევდორეს (XI–XII სს.), ფონის, არაშფერანისა და ხოშატიანის ეკლესიები.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1IV, თბ., 2021.