„ივერია“

„ივერია“ (სააქციო საზოგადოება), პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ფაბრიკა. დაარსდა 1959 (პირველი პროდუქცია გამოუშვა 1960). იყო ამ დარგის პირველი საწარმო ამიერკავკასიაში. 1966-მდე შედიოდა საქ. სსრ კვების მრეწველობის „საქეთერზეთის" ტრესტში, 1967-იდან გადავიდა საკავშ. დაქვემდებარებაში. იმ დროისათვის პროდუქციის ძირითადი ასორტიმენტი იყო პარფიუმერიული და კოსმეტიკური ნაწარმი (სუნამო, ოდეკოლონი, ლოსიონი, შამპუნი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, თმის ნატურალური საღებავი). პროდუქციის წარმოებისათვის სა­ჭირო ნედლეულისა და მასალების ძირითად ნაწილს იღებდა მოკავშირე რესპუბლიკებიდან და სა­ზღვარგარეთიდან, მინის ჭურჭელს – ქსნის (სა­ქარ­თვე­ლო), მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის (რუსეთი), კი­შინიოვის (მოლდოვა) და სხვა მინის ქ-ნებიდან. მზა პროდუქცია იგზავნებოდა მოკავშირე რეს­პუბლიკებშიც. XX ს. 90-იანი წლებიდან ფ-კამ დაიწყო ად­გილ. ნედლეულისა და სამკურნ. მინერ. წყლების (ლუგელა, ბიისი, ნუნისი, თბილ. გოგირდოვანი წყალი; ასკანის თიხა და სხვ.) გა­მო­ყენე­ბით ახ. პროდუქციის გამოშვება (კბილის პასტა „ლუგელა", ფეხის კრემი „ნუნისი", შამპუნი „ინით" და სხვ.). 1992–93 ფ-კა „ი-მ" და ფრანგულმა კომპანია „ნატალი ერგინმა" შექმნა ერთობლივი პროდუქტი შამპუნების სერიის („ფიჭვი", „მანგო", „ქოქოსი") სახით.

1996-იდან ფ-კა „ივერიის" ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა „პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ფაბრიკა ივერია". 2003 საწარმოს რესტრუქტურიზაციისა და მისი დაშლის შემდეგ, ერთ-ერთი განაყო­ფის ბაზაზე დაარსდა კომპანია – სააქციო საზ-ბა „ი.", რ-იც აგრძელებს პარფიუმერიული და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებას. მის მიერ გამოშვებული პროდუქციის ძირითად ასორტიმენტს შეადგენს თმის (შამპუნი, თმის ბალზამი, თმის კონდიციონერი), კანის (ხელის, საბავშვო, გაპარსვის შემდგომი, ფეხის კრემები, ლოსიონი), პირის ღრუს მოვლის (სამკურნ.-პროფილაქტიკური კბილის პასტა) საშუალებები, პარფიუმერია (ოდეკოლონი, სუნამო, ტუალეტის წყალი). ამ პროდუქციის შე­ქმნისათვის საჭირო ნედლეულის დიდ ნაწილს საწარმო იღებს ცნობილი ევრ. კომპა­ნიებიდან (Huntsman, Croda, Undesa, Galaxy, Sabo, Frey+Lau); პლასტმასისა და მინის ფლაკონებს – მინსკიდან (ბელარუსი), კიევიდან (უკრაინა), აგრეთვე ად­გილ. კომპანიებიდან; ტუბებს – თურქეთიდან; სამკურნ. მცენარეების ნაყენებს და ეთერზეთებს – ად­გილ. საწარმოებიდან. პროდუქციის რეალიზაცია ხდება შიდა ბაზარზე.

დ. სილაგავა