ლაგორიო ლევ ფელიქსის ძე [16 (28).VI. ან 17 (29). XI. 1827, ფეოდოსია, – 9 (22). XII. 1905, სანქტ-პეტერბურგი], რუსი მხატვარი და აკვარელისტი, წარმოშობით იტალიელი. სწავლობდა პეტერბ. სამხატვრო აკადემიაში (1843–50). მისი პედაგოგები იყვნენ მ. ვორობიოვი და ბ. ვილევალდე. სწავლის დროს მიიღო აკადემიის ყველა არსებული ჯილდო, მ. შ. უმაღლესი – დიდი ოქროს მედალი (1850). 1851 ერთი წლით გაგზავნეს კავკასიაში, სადაც კვლავ არაერთხელ დაბრუნდა. 1852 გახდა რუსეთის ქვეშევრდომი. 1853–60 გაგზავნეს საფრანგეთსა და იტალიაში. ლ-ს პეიზაჟებში (ძირითადად ზღვის ხედები და ბატალური სცენები) შერწყმულია რომანტ. და აკად. ფერწერის ტრადიციები. ძირითადი ნამუშევრები: „ანიბალის შადრევანი როკა-და-პაპაში რომის მახლობლად“ (1860); „ბაიაზიდის ციხის იერიშის მოგერიება 1877 წლის 8 ივნისს“ (1892) და სხვ. საქართველოში ყოფნისას ლ-მ შექმნა ნამუშევრები თემებზე: თბილისის ხედები, სურათი „ბათუმი“, ასევე საქართველოს მთიანეთის პეიზაჟები.