„ლაზარე“

„ლაზარე“, საწესო რელიგიური ხასიათის სიმღერა. გვალვა-დელგმის საწინააღმდეგო ხალხური წეს-ჩვეულება. სრულდებოდა ლაზარობას. გაზაფხულზე, ხშირი წვიმების ან გვალვის დროს ქალები აკეთებდნენ თიხის თოჯინას – „ლაზარეს“, რ-საც ხელში ელიასთვის გადასაცემ ბარათს „დააჭერინებდნენ (ხალხური წარმოდგენით, სეტყვისა და წვიმის წინამძღოლობა, აგრეთვე ცა- ღრუბელთ გამგებლობა ელიას ებარა). ისინი „ლაზარეს“ კარდაკარ ჩამოატარებდნენ და თან მღეროდნენ: „ახ, ლაზარე, ლაზარე, ცას ღრუბელი აჰყარე! აღარ გვინდა ცის ნამი, ღმერთო მოგვე მზის თვალი!“ ან პირიქით – „აღარ გვინდა მზის თვალი, ღმერთო მოგვე ცის ნამი“. მსვლელობის ბოლოს კი „ლაზარეს“ მდინარეში აგდებდნენ.

ლიტ.: ბარამიძე ბ., ქართული ხალხური და კლასიკური ქორეოგრაფია, თბ., 2015; ბარდაველიძე ვ., გონჯაობა, ლაზარობა. ძველი ქართული წეს-ჩვეულება, თბ., 2013; თათარაძე ა., ქართულ ცეკვათა განმარტებანი, თბ., 1986; ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1998 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 11).