ლაზარ ფარპეცი, ფარპელი

ლაზარ ფარპეცი, ფარპელი (440/443 შორის – V ს. დასასრ.), სომეხი ისტორიკოსი. დაიბადა სოფ. ფარპში (აქედან მომდინარეობს მისი სახელიც). ყრმობის წლები ქვემო ქართლის პიტიახშ არშუშას კარზე გაატარა. განათლება ბიზანტიაში მიიღო. სამშობლოში დაბრუნებული ლ. ფ. ვალარშაპატის მონასტრის წინამძღვრად გაამწესეს, მაგრამ მისი სას. მოღვაწეობა მარცხით დასრულდა, ამიტომ მან საისტ. მწერლობას მიჰყო ხელი. ლ. ფ-მა ვაჰან მამიკონიანის (სომეხთა მარზპანი) დაკვეთით დაწერა „სომხეთის ისტორია“, რ-იც ფაქტობრივად აგათანგელოსისა და ფავსტოს ბუზანდის თხზულებათა გაგრძელებაა და გადმოგვცემს 387–485 სომხეთის ისტორიას. შრომა სამი ნაწილისაგან შედგება:

I ნაწ. ეხება სომხეთის ისტორიას 387-იდან (სომხეთის დაყოფიდან) 440-მდე, მაშტოცის მიერ სომხური ანბანის შექმნას, სომხეთში მეფობის გაუქმებას. საყურადღებო ცნობები აქვს საქართვ. ისტორიის საკითხებზე. კერძოდ, ირანმა IV ს. 70-იანი წლების დასასრულიდან გააუქმა ქართლის ორ სამეფოდ გაყოფა და მას ხარკიც დაადო, თუმცა შესაძლებელია, რომაელებს შერჩენოდათ ქართლის რომელიმე მცირე ნაწილი.

II ნაწილში გადმოცემულია სპარსეთის წინააღმდეგ სომხეთის აჯანყების (450–451) ისტორია. ქართლს ამ ამბოხში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა აჯანყებამ უთუოდ მოახდინა გავლენა ირანის პოლიტიკაზე ქართლის მიმართ.

III ნაწ. მოგვითხრობს სომხეთის, ქართლისა და ალბანეთის აჯანყებაზე ირანის წინააღმდეგ 482–484. დახასიათებულია მეფე ვახტანგ I გორგასალი, დეტალურადაა აღწერილი მისი მზადება აჯანყებისათვის, დაპირების მიუხედავად, ბიზანტიელებისა და ჰუნების უარი დახმარებაზე, აჯანყების დამარცხება, ვახტანგ მეფის იძულებითი გახიზვნა დას. საქართველოში და სხვ. ლ. ფ. აღწერს, როგორ ცდილობდა ირანი ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელებას სამხრ. კავკასიის ქვეყნებში. იგი გვაუწყებს, რომ V ს. 40-იანი წლების დასასრულს შაჰმა იეზდიგერდ II-მ (438–457) სომხეთის, ქართლისა და ალბანეთის თავკაცები სასწრაფოდ თავისთან დაიბარა რჯულის შესაცვლელად. ქართლიდან მხოლოდ არშუშა პიტიახში წასულა. დიდებულებმა გადაწყვიტეს ფორმალურად მიეღოთ მაზდეანობა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისევ ქრისტიანობას მიჰბრუნებოდნენ. როგორც ლ. ფ. გადმოგვცემს, დიდებულთა ერთიანობა არ იყო მტკიცე – ზოგიერთი მათგანი სპარსელთა ერთგულებას აპირებდა.

საინტერესო ცნობები მოეპოვება ლ. ფ-ს საქართვ. ისტ. გეოგრაფიისათვის. იგი მრავალგზის ახსენებს ქართლს, რ-შიც აშკარად მთელ აღმ. საქართველოს გულისხმობს. ქვემო ქართლის პროვინციებიდან ნახსენებია ტაშირი, კანდარი და აშოცი. ლ. ფ-ს მოხსენიებული აქვს ტაო, ბასიანი, მდ. მტკვარი (კურის ფორმით), დას. საქართველოს მხარეებიდან კი – ეგრისი (სახელწოდება წარმოდგენილია შეუკუმშავი ფორმით – ეგერ) და ხალდია (ტრაპიზონი და მისი მიმდებარე მხარე).

ლიტ.: მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941; ჯავახიშვილი ივ., ძველი სომხური საისტორიო მწერლობა, თბ., 1935; ჯანაშია ლ., ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1962.

ლ. ჯანაშია