ლაზთა მონასტერი

ლაზთა მონასტერი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლი იერუსალიმში. მისი დაარსება დაკავშირებულია პეტრე იბერთან და იოანე ლაზთან (V ს.). მონასტერი მდებარეობდა ბეთლემის ჩრდ-ით, ხარბეთ სიარ ელ-ღანამის ჩრდ.-დას-ით, ბირ ელ-ყუტის მიდამოებში. პროკოპი კესარიელის მიხედვით, ეს მონასტერი იუსტინიანემ (VI ს.) განაახლა. 1952–53 მონასტრის ნაშთები აღმოაჩინა და საკმაოდ დაწვრილებით შეისწავლა იტალიელმა არქეოლოგმა ვ. კორბომ. გამოვლენილი მონასტერი, ნაშთების მიხედვით, წარმოადგენდა კვადრატული ფორმის ნაგებობათა კომპლექსს, რ-ის ჩრდ. ნაწილში იდგა ეკლესია. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ნაგებობათა სამხრ. ნაწილი – სასადილო. მისი იატაკი მოპირკეთებული იყო ფერადი მოზაიკით, სადაც აღმოჩნდა ჩარჩოში ჩასმული დიდი მოზაიკური ფერადი წარწერა. სასადილოსთან იყო სამზარეულო, ასევე მოზაიკით მოპირკეთებული იატაკით. სამზარეულო უკავშირდებოდა მოზაიკისიატაკიან მარანს და ზეთსახდელს. მონასტრის ცენტრ. ნაწილში მდებარეობდა მართკუთხა ეზო, რ-იც კოლონადისა და ღია ცისქვეშა ნაწილისაგან შედგებოდა. კოლონადა ქმნიდა მოზაიკურ სასეირნო ბილიკს, რ-იც გარს უვლიდა ეზოს.

განსაკუთრებული ეროვნ. და სამეცნ. მნიშვნელობა აქვს ლ. მ-ის სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობაში მოზაიკიან იატაკზე შემორჩენილ ოთხ ძველქართულ (ასომთავრულ) მოზაიკურ წარწერას, რ-თა სახით ჩვენ გვაქვს ქართული დამწერლობის ყველაზე ადრინდელი ნიმუშები (იხ. პალესტინის ქართული წარწერები). მკვლევართა დიდი ყურადღება მიიქცია სამარხებმა. ლ. მ-ში აღმოჩენილ ნაგებობათა ნაშთები და კერამიკული ნაკეთობები გვიჩვენებს სამეურნეო ცხოვრების საკმაოდ მაღალ დონეს. ზუსტად არ არის ცნობილი, რატომ შეწყვიტა ლ. მ-მა არსებობა VI ს. შუა ხანებში – სტიქიის (მიწისძვრა), თუ მასზე არანაკლებ გამანადგურებელი რელიგიური ბრძოლების ან არაბების თავდასხმების გამო.

ლიტ.: მამისთვალიშვილი ე., ქართველები და ბიბლიური სამყარო, გორი, 1998; ჩაჩანიძე ვ., პეტრე იბერიელი და ქართული მონასტრის არქეოლოგიური გათხრები იერუსალიმში, თბ., 1974; წერეთელი გ., უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან, თბ., 1960.

ე. მამისთვალიშვილი