„ლაზი“

„ლაზი“ (შპს), საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანია. დაარსდა 2007 წალენჯიხაში ყოფ. წალენჯიხის №2 ჩაის ფ-კის (შეიქმნა 1949) ბაზაზე. საწარმო მუშაობს ჩაის დამზადებასა და რეალიზაციაზე. მის საკუთრებაშია 160 ჰა ჩაის პლანტაცია, ასევე სააქციო საზ-ბა ,,ზღვაიასაგან“ იჯარით აღებული 200 ჰა ჩაის პლანტაცია. 2017–20 საწარმო მონაწილეობდა ჩაის რეაბილიტაციის სახელმწ. პროგრამაში ,,ქართული ჩაი“, რის შედეგადაც აღადგინა 80 ჰა-ზე მეტი ჩაის პლანტაცია.

2015-იდან „ლ.“ თანამშრომლობს ჩინურ ბიოტექნოლოგიურ კომპანია ჰანთანგიუანის საერთაშ. ჰოლდინგურ ჯგუფთან, რ-თანაც ერთად შეიქმნა ერთობლივი საწარმო. ჩინელებმა საწარმოში განახორციელეს ინვესტიცია – ჩამოიტანეს ჩაის გადამამუშავებელი თანამედროვე მანქანა-დანადგარები და თავიანთ სპეციალისტებთან ერთად დაიწყეს შავი და მწვანე ბაიხაო ჩაის გამოშვება. მათი დაინტერესება ქართ. ჩაით გამოიწვია თავის დროზე ჩინეთიდან შემოტანილი და საქართველოში გავრცელებული მწვანე და შავი ჩაის ანალოგიური ჯიშების არსებობამ, რ-ებიც ჩინეთში წლებია აღარ გვხვდება.

2016, ქართ. ჩაის ისტორიაში პირველად, კომპანია ,,ლ-იდან“ ჩინეთში გაიგზავნა 8000 კგ ჩაი. საწარმო ყოველწლიურად უშვებს 120 ტ პროდუქციას, მ. შ. 20 ტ უმაღლ. ხარისხის შავ და მწვანე ბაიხაო ჩაის, რ-იც ძირითადად იგზავნება ექსპორტზე ჩინეთში, უკრაინაში, პოლონეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ასევე იყიდება ადგილობრივ ბაზარზე.

გ. სალია