გურჯაანის ყველაწმინდა, VIII–IX სს. ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. მდებარეობს სოფ. გურჯაანიდან 1,5–2 კმ-ზე კახთუბნის ანუ გურჯაანის ხეობაში, ტყეში, მთის კალთაზე. ნაგებია კარგად შერჩეული მსხვილი რიყის ქვის წესიერი ჰორიზ. რიგებით. შენობის გარეთა კუთხეები და დეკორ. ნაწილები გამოყვანილია შირიმით, ხოლო შუა ნავის კედლები, კამარა და გუმბათები – კვადრ. აგურით. სვეტისთავებისათვის გამოყენებულია საგანგებო ფორმის აგური. გ. ყ. ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში. ეს არის რთული გეგმის ნაგებობა. შიგა სივრცე ბოძების ორი წყვილით დაყოფილია ნავებად. შენობის ზოგი ნაწილი განლაგებულია ორ სართულად. ორფერდა სახურავით გადახურული მაღალი შუა ნავი, აღმოსავლეთის მხარეს გეგმით ნალისებრი აფსიდით ბოლოვდება. შიგა სივრცე შედგება სამი კვადრ. ნაწილისაგან. აქედან ორ განაპირა კვადრატზე აღმართულია რვაწახნაგა დაბალი გუმბათის ყელები, რ-ებზეც 2 თითქმის ერთნაირი გუმბათია ამოყვანილი. გარედან ეკლესიას ბაზილიკის ფორმა აქვს, გამოყოფილია მაღალი შუა ნავი, რ-საც სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კამარებით გადახურული გვერდის ნავები ეკვრის. მათ თავზე, მეორე სართულზე, მოწყობილია ფართო გარსშემოსავლელი, რ-იც ცენტრ. ნავს 3 მხრიდან ერტყმის. სამხრ. ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, მეორე სართულის გარსშემოსავლელის ოთხი თაღია გახსნილი. კარი და სარკმლები მკვეთრად გამოიყოფა ფასადის დიდ, დაუნაწევრებელ ზედაპირზე. ინტერიერში დასავლეთის კედელზე ღია თაღოვანი მალებია: ქვემოთ ერთი თაღია, მას ნავის თითქმის მთელი სიგანე უჭირავს, მის ზემოთ ორ რეგისტრად ორ-ორი ღია თაღია, მათ თავზე – კიდევ ერთი, უფრო მცირე ზომისა. ეს თაღსარკმლები მთავარ სივრცეს აკავშირებს მეორე სართულის დონეზე მოწყობილ გარსშემოსავლელთან. მიუხედავად იმისა, რომ გარედან შენობა მარტივადაა დამუშავებული, წინა ხანის ძეგლებთან შედარებით მაინც ჩანს დეკორ. ტენდენციების გაძლიერება. მაგ., აღმ. ფასადი დანაწევრებულია ჩაღრმავებული თაღოვანი სიბრტყეებით, რ-ებიც გარკვეულ რიტმს ექვემდებარება. გ. ყ. ქართ. ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მართალია, ნაგებობის ეს ტიპი ვერ განვითარდა, მაგრამ მოგვცა ახ. კომპოზიციური ძიების სრულიად ორიგინ. შედეგი (უკანასკნელად რეაბილიტ. 2010).
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974; Ч у б и н а ш в и л и Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.