„ლაინი“

„ლაინი“ (სააქციო საზ-ბა), საფეიქრო მრეწველობის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო გორში. გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატის მშენებლობა დაიწყო 1947. პირველი რიგი ამოქმედდა 1951 გამომყვანი საამქროს გარეშე, ამიტომ აქ დამზადებული ხამი ქსოვილი გამოსაყვანად და საბოლოო სახის მისაღებად ტაშკენტის საფეიქრო კომბინატში იგზავნებოდა. 1954-იდან კომბინატი სრული საწარმოო ციკლით ამუშავდა, მწყობრში ჩადგა ქსოვილის გამოსაყვანი ფ-კა, რამაც შესაძლებელი გახადა წარმოების მთელი პროცესის ერთ დაწესებულებაში წარმართვა და დასრულება. 1961–62 საექსპლუატაციოდ გადაეცა მეორე რიგი – სართავი და საქსოვი ფ-კები. პროდუქციის ძირითადი სახეობები იყო ბამბის ნართი და ბამბეულის ქსოვილები. უშვებდა მაღალხარისხოვან ქსოვილებს, რ-ებზეც დიდი მოთხოვნა იყო არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც. კომბინატი ნედლეულით მარაგდებოდა უზბეკეთიდან, ნაწილობრივ – აზერბაიჯანიდან.

1962 დაიწყო საწარმოს ახ. ტექნიკით აღჭურვა. 1975 კომბინატში დამზადდა 7125,1 ტ ნართი და 58279,4 ათ. მ მზა პროდუქცია. იგი თავისი პროდუქციით ამარაგებდა რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქის სამკერვალო ფ-კებს.

XX ს. 90-იან წლებში გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატის ბაზაზე შეიქმნა გორის ბამბეულის საფეიქრო-სამკერვალო საწარმოო გაერთიანება. ამავე პერიოდში ქვეყანაში არსებულმა მძიმე ეკონ. მდგომარეობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა საწარმოს საქმიანობა. განხორციელდა მისი პრივატიზება, 1994 კი ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბად „ლ.“ საწარმოს ფინანს. კრიზისის გამო 2004 შეწყდა მისი ფუნქციონირება.

ლიტ.: გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატი, თბ., 1971.