ლაისტი (Leist) არტურ [8. VII. 1852, ბრესლაუ (ამჟამად ვროცლავი, პოლონეთი), – 22. III. 1927, თბილისი], გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. სწავლობდა ბრესლაუს უნ-ტში. 1881 იტალიაში მოგზაურობისას გაიცნო გერმ. მწერალი, საქართველოს თაყვანისმცემელი ფ. ბოდენშტედტი და მისი რჩევით დაინტერესდა საქართველოთი. გადაწყვიტა შეესწავლა ქართული ენა. ლ. ამ მიზნით დაუკავშირდა ქართვ. მოღვაწეებს: ნ. ნიკოლაძეს, დ. ერისთავს, ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, ი. მეუნარგიას და სხვ. ქართ. ყოფისა და ლიტ-რის უკეთ გაცნობის მიზნით დახმარება სთხოვა ა. წერეთელს. შედეგად პოლონურ პრესაში 1882 გამოქვეყნდა ლ-ის წერილი „ქართველებისა და სომხების ლტოლვა განათლებისაკენ“, ხოლო 1883 გერმ. პრესაში – „მივიწყებული ლიტერატურა“.
1884 ი. ჭავჭავაძის მოწვევით ლ. თბილისში ჩამოვიდა და ერთი თვე დარჩა. გერმანიაში დაბრუნებულმა 1885 გამოსცა წიგნი „საქართველო. ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა“, რ-იც პოლონურ ენაზეც გამოიცა. იმავე წელს იგი კვლავ ესტუმრა საქართელოს და ი. ჭავჭავაძისა და ი. მაჩაბლის დახმარებით გერმ. ენაზე პროზაულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ (გამოქვეყნდა დრეზდენსა და ლაიფციგში, 1890). ეს იყო რუსთაველის პოემის პირველი თარგმანი უცხო ენაზე. 1887 გამოსცა ქართ. პოეზიის ანთოლოგია გერმ. ენაზე.
1892-იდან ლ. თბილისში დამკვიდრდა და აქვე იქორწინა გერმ. მარია ბაიტლინგერზე. იგი აქტიურად ჩაება ქვეყნის საზ. ცხოვრებაში. 1904 გამოაქვეყნა ნაშრომი „ქართველი ხალხი“, რ-იც ითარგმნა მრავალ ევრ. ენაზე. 1906 თბილისში დააარსა გერმანულენოვანი გაზ. „Kaukasische Post“, რ-საც წლინახევრის განმავლობაში რედაქტორობდა. ლ-ის მოთხრობებია: „ქეთევან“, „ვარო“, „ვარიპარიძიანთ ნინო“; ავტობიოგრ. თხზ. „რუდოლფ ბოლტის სამოგზაურო ცხოვრება“ (1897), „მოგზაურის დღიური“ (1909), თხზულებათა კრებული „საქართველოს გული“ (2 წიგნად, 1923, 1927, 1963) და სხვ. ნარკვევში „კოლხიდა“ მოცემულია გეოგრ. და ეთნოგრ. ცნობები საქართველოს შესახებ. 1918-იდან ლ. თბილისის ახალგახსნილ უნ-ტში მიიწვიეს გერმ. ენის ლექტორად. 1922 ქართ. საზ-ბამ მას საქართველოში მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადა.
ლ-ის მოღვაწეობა ემსახურებოდა ქართ. კულტურის ევროპაში გატანას და პოპულარიზაციას. განუზომლად აფასებდა იგი ი. ჭავჭავაძის მოღვაწეობას ქვეყნის საკეთილდღეოდ. თავის მხრივ, ილიამ ერთგულ მეგობარს „შორეული თავისიანი“ უწოდა.
ლ-მა საქართველოს ანდერძივით დაუტოვა თხოვნა: „მაპატიე, ჩემო პატარა სამშობლონაცვალო – საქართველო, თუ ჩემი მწირი ღვაწლით ღირსი არა ვარ შენს წმინდა მიწაში დასაფლავებისა“...
ლ. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: დორეული ნ., ილია და არტურ ლაისტი, „ისტორიანი“, 2020, №1; ნიკოლეიშვილი ა., არტურ ლაისტი და საქართველო, „ვანი“ 2021, №20.
შ. რევიშვილი