ლაკლაკიძეების ჭედური ხატი

ლაკლაკიძეების ჭედური ხატი, XI ს. ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლი, მოოქრული ვერცხლის ხატი (80X64 სმ). შესრულებულია ლაკლაკიძეთა ოჯახის (ჩორჩანელების განშტოება) დაკვეთით ზარზმის მონასტრისათვის. ცენტრში გრავირებული ორნამენტის ფონზე გამოხატულია ღვთისმშობელი და ყრმა იესო, რ-თა სახეები ფერწერულია. განსაკუთრებით საინტერესოა ფართო ჩარჩოზე (13 სმ) მაღალი რელიეფითა და დიდი პროფ. ოსტატობით შესრულებული ქრისტესა და ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი მრავალფიგურიანი კომპოზიციები. ხატი აღწერილია დ. ბაქრაძისა და ნ. კონდაკოვის ნაშრომებში, ასევე შეტანილია დ. ერმაკოვის კატალოგში (№121). ხატს თან ახლავს ასომთავრულით შესრულებული ვრცელი საქტიტორო წარწერა, რ-იც ოთხივე მხარეს შემოუყვება ცენტრ. გამოსახულებას. წარწერიდან ირკვევა, რომ ხატის შემწირველი არის „გლახაკი ეპრაქსია“, დედა „ერისთავთერისთავისა მირიანისა და ხურციკისა“ ლაკლაკისძეთა საგვარეულოდან. XVI ს-მდე ინახებოდა ზარზმის მონასტერში, შემდეგ – შემოქმედში, 1924-იდან – ძვ. ქართული ხელოვნების მუზეუმში. ამჟამად ინახება შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში.