ლაკობა ნესტორ აპოლონის ძე (1. V. 1893, სოფ. ლიხნი, ახლანდ. გუდაუთის მუნიციპალიტეტი, – 28. XII. 1936, თბილისი), საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე. კომპარტიის წევრი 1912-იდან. 1911 რევ. წრეებში მონაწილეობის გამო გარიცხეს თბილ. სას. სემინარიიდან, შემდეგ რევ. საქმიანობას განაგრძობდა ბათუმსა და გროზნოში. 1916–17 მუშაობდა შავი ზღვის რკინიგზაზე, იქვე ეწეოდა რევ. პროპაგანდას მშენებელთა შორის. 1916 გუდაუთაში შექმნა ბოლშევიკური ორგანიზაცია. 1918 გაზაფხულზე ს. კუხალეიშვილთან, ე. ეშბასთან, გ. ათარბეგოვთან და სხვებთან ერთად ხელმძღვანელობდა აფხაზეთში შეიარაღებულ აჯანყებას კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. იქვე სათავეში ჩაუდგა პარტიზ. რაზმს. 1919–20 აქტიურ რევ. საქმიანობას ეწეოდა აჭარაში. საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების (1921) შემდეგ მუშაობდა აფხ. რევკომის თავ-რედ, სამხ.-საზღვაო საქმეთა სახ. კომისრად, სახკომსაბჭოსა და ცაკის თავ-რედ; იყო საქ. კპ (ბ) ცკ-ის, საკ. კპ (ბ) ამიერკავკ. სამხარეო კომიტეტისა და სსრკ ცაკ-ის წევრი. სკპ (ბ) XIII, XV–XVII ყრილობების დელეგატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
ლ. მოულოდნელად გარდაიცვალა თბილისის სასტუმროში; ოფიციალური ვერსია – გულის უკმარისობა. გარდაცვალების შემდეგ ლ. ხალხის მტრად გამოაცხადეს, რეპრესირებული იყო მისი ოჯახიც.
ლ. თოიძე