ლაკურ-დარგუული ენები

ლაკურ-დარგუული ენები, იბერიულ-კავკასიურ ენათა დაღესტნური ჯგუფის ერთ-ერთი ქვეჯგუფი. შედის ლაკური და დარგუული (კუბაჩურითურთ) ენები. ლ.-დ. ე. ერთგვარად გარდამავალია დაღესტნის ენათა 2 დანარჩენი ქვეჯგუფის – ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ და ლეზგიურ ენათა შორის. ლეზგიური ენებიდან ლ.-დ. ე-თან ყველაზე ახლოსაა თაბასარანული ენა. ლ.- დ. ე-თვის დამახასიათებელია ხშულთა ოთხეულებრივი (მჟღერი, ფშვინვიერი, აბრუპტივი, ინტენსიური) და სპირანტთა სამეულებრივი (მჟღერი, ყრუ, ინტენსიური) სისტემა, უკანაენისმიერთა პალატალიზაცია (მათი შეცვლა შიშინა რეფლექსებით) და თანხმოვანთა ცვლის ზოგი სხვა ტენდენცია, ზმნის კლასოვან-პიროვანი უღლება. ლაკურში დიალექტები ნაკლებად გამოიყოფა (გარჩეულია კილოკავები), ხოლო დარგუულში ძლიერი დიფერენციაციაა. ლაკურიც და დარგუულიც ახ. სამწერლობო ენებია.

ლიტ.: გაფრინდაშვილი შ., ბგერათშესატყვისობებისათვის დარგუულსა და ლაკურში, «იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება», 1954, ტ. 6; ჩიქობავა ა. ენათმეცნიერების შესავალი, თბ, 1952.

ი. ცერცვაძე

ა. მაჰომეტოვი