ლანგი (Lang) ლენგი დეივიდ (6. V.1924, კენტის საგრაფო, – 20. III. 1991, ესექსი, ინგლისი), ინგლისელი ქართველოლოგი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. ლონდონის უნ-ტის კავკასიისმცოდნეობის პროფესორი, თსუ-ის საპატიო დოქტორი (1968). სწავლობდა კემბრიჯის წმ. იოანეს კოლეჯში. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს იყო ბრიტ. საელჩოს მდივანი ირანში. 1946-იდან დაიწყო რუს. და კავკ. ისტორიის შესწავლა. 1949-იდან ქართულს ასწავლიდა ლონდონის უნ-ტში, 1952–53 მუშაობდა ევროპასა და აშშ-ში. იკვლევდა ქართულ სას. და საერო ლიტ-რას. 1951 წერილი მიუძღვნა პეტრე იბერის ვინაობის საკითხს. 1963 ორიენტალისტთა მოსკოვის XXV საერთაშ. კონგრესის შრომებში დაიბეჭდა ლ-ის გამოკვლევა „შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის პრობლემები“. მანვე გამოავლინა „სიბრძნე ბალავარისას“ ქართ. იერუსალიმური ნუსხა და 1966 გამოსცა მისი თარგმანი ინგლ. ენაზე. ამავე წელს ლონდონში დაიბეჭდა ლ-ის ნარკვევი „ქართული ლიტერატურის განვითარების საფეხურები“, 1970 – „ხალხური და კურტუაზული ელემენტები ქართულ ეპოსში“.
ლ. იკვლევდა საქართველოს ისტორიას. 1957 გამოსცა წიგნი „ქართული მონარქიის უკანასკნელი წლები. 1658–1832“; 1962 დაიბეჭდა მისი „საქართველოს ახალი ისტორია. XIX–XX სს“. ლ-მა ნარკვევები მიუძღვნა გიორგი ბრწყინვალის მეფობას, ქართველთა მოღვაწეობას ირანში სეფიანთა დინასტიის დამხობის ხანაში, ვახტანგ VI-ის ურთიერთობას საფრანგეთთან, ე. ტოტლებენის მეთაურობით რუსთა ჯარების ყოფნას საქართველოში 1769–71 და სხვ. ავტორია მიმოხილვითი საცნობარო წიგნისა „ქართველები“ (1966). მისი რამდენიმე ნარკვევი ეხება ქართ. ნუმიზმატიკის საკითხებს.
ლ. 1966 ჩამოვიდა საქართველოში, შოთა რუსთაველის დაბადებიდან 800 წლის იუბილეზე.
თხზ.: ქართველოლოგიური კვლევა-ძიება ოქსფორდში, «ცისკარი», 1957, №4; საქართველოს სამეფოს უკანასკნელი წლები, თბ., 2003.
ლიტ.: ბარბაქაძე ს., დევიდ მარშალ ლანგის ლიტერატურულ-თეორიულ მოსაზრებათა ქართული თარგმანები; „ლიტერატურული ძიებანი‟, 2016, ტ. 37; დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009.
ა. ბარამიძე
შ. ხანთაძე