ლანგლუა ვიქტორ

ლანგლუა (Langlois) ვიქტორ (20. V. 1829, დიეპი, – 14. V. 1869, პარიზი), ფრანგი ისტორიკოსი, არქეოლოგი, ნუმიზმატი, ორიენტალისტი. ცნობილი იყო შრომებით სომხეთის ისტორიასა და კულტურაზე (დაახლ. 30 წიგნი). ლ-მ 1852 გამოაქვეყნა ქართ. ნუმიზმატიკური ძეგლების სისტემური მიმოხილვა (Numismatiqus de la Géorgie, 1852). ნაშრომი უამრავ ლაფსუსს შეიცავდა, ამიტომ გადამუშავებული სახით 1860 ხელახლა გამოსცა (Essai de classification des suites monétaires de la Géorgie depuis L’antiquité jusqu’á nos jours, Paris, 1860). მიუხედავად ამისა, შეცდომები აქაც საკმარისზე მეტი აღმოჩნდა, რამაც თავდაპირველად მ. ბროსეს, შემდეგ კი ე. პახომოვის კრიტიკა გამოიწვია. ცხადია, ლ-ს მონოგრაფიის გამოყენება მეცნიერული თვალსაზრისით თითქმის შეუძლებელია. მას მხოლოდ პრობლემის შესწავლის ისტორიის კუთხით ენიჭება მნიშვნელობა.

ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; Капанадзе Д. Г., Грузинская нумизматика, М.,1955; Пахомов Е. А., Монеты Грузии, ч. 1, CПб, 1910.