ლანდაუ ლევ დავითის ძე

ლანდაუ ლევ დავითის ძე [9(22). I. 1908, ბაქო, – 1. IV. 1968, მოსკოვი], ფიზიკოს-თეორეტიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკად. აკადემიკოსი (1946, აირჩიეს წ.-კორ-ის საფეხურის გამოტოვებით), ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1934, ხარისხი მიენიჭა დისერტაციის დაცვის გარეშე), პროფესორი [მოსკოვის სახელმწიფო უნ-ტი (1943), მოსკოვის ფიზიკა – ტექნიკური უნ-ტი (1947–50)].

ლ-ს სამეცნ. შრომები მოიცავს თანამედროვე თეორ. ფიზ. თითქმის ყველა ძირითად სფეროს. 1930 შექმნა ლითონთა ელექტრონული დიამაგნეტიზმის თეორია (ლანდაუს დიამაგნეტიზმი), 1937 ჩამოაყალიბა მეორე გვარის ფაზური გადასვლების ზოგადი თეორია, ხოლო 1941 – თხევადი ჰელიუმის ზედენადობის თეორია. 1956 კომბინირებული ლუწობის ცნება და სხვ. ლ. მონაწილეობდა სსრკ-ის ატომურ პროექტში (1946–54).

ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას, შექმნა ფიზიკოს-თეორეტიკოსთა მსოფლიოში აღიარებული სკოლა; მისი მოწაფე იყო გ. ხუციშვილი. ლ-თან მჭიდრო სამეცნიერო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველ ფიზიკოსებს: ე. ანდრონიკაშვილს, ნ. პოლიექტოვს, გ. ნიკობაძეს და სხვ.

ლ-ს მიღებული აქვს ნობელის პრემია ფიზიკაში (1962), სტალინური პრემიები (1946, 1949, 1953) და სხვა სამთავრობო ჯილდოები. იყო მსოფლიოს მრავალი აკადემიისა და სამეცნ. საზოგადოების წევრი.

თხზ.: Собр. трудов, т. 1–2, М., 1969.

ლიტ.: Абрикосов А. А., Академик Л. О. Ландау, М., 1965.

პ. მამრაძე