ლანდშაფტები
ლანდშაფტები, გეოგრაფიული გარსის ტერიტორიული დაყოფის ძირითადი ერთეული. საქართველოს ბუნებრივი და ლანდშაფტური მრავალფეროვნება გამორჩეულია მსოფლიოში, განსაკუთრებით კი – სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში. აქ შვიდ ათეულზე მეტი სახის ლანდშაფტია, დაწყებული ნოტიო სუბტროპიკული ან სემიარიდული ნათელი ტყეებით, დამთავრებული ჭარბტენიანი და ნივალური ლ-ით. ვერ ვხვდებით მხოლოდ ეკვატორული ტენიანი ტყეებისა და უდაბნოების ლ-ს. საქართველოში წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი კულტურული ლანდშაფტის ყველა ტიპი. ამგვარი მრავალფეროვნება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, რ-თაგან მნიშვნელოვანია: გეოგრაფიული მდებარეობა (ტროპ. და ზომიერი სარტყლის მიჯნაზე), შავი ზღვის გავლენა, კავკასიონის მთიანი სისტემის ბარიერული როლი (ჩრდ. ქარების ზეგავლენის პრევენცია), სიმაღლებრივი სარტყლების (ზ. დ. 5200 მ-მდე) და ტერიტორიის სამეურნეო გამოყენების რამდენიმე ათასწლოვანი ისტორია.
საქართველო მსოფლიოში ასევე გამოირჩევა „პირველადი“, ანუ ბუნებრივი ლ-ის დიდი ხვედრითი წილით, რაც ქვეყნის ფართობის 17%-ს შეადგენს. ბუნებრივი გარემო ხელუხლებელი სახით გვხვდება როგორც დაცულ და ჭარბტენიან ტერიტორიებზე, ისე საშ. და მაღალმთიანი რელიეფის პირობებში.
საქართველოში გვხვდება მსოფლიოში ცნობილი რელიეფის ყველა ფორმა. ტყეებით დაფარულია ტერიტორიის 2/5, რაც უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური რესურსი და ლანდშაფტწარმომქმნელი ფაქტორია. საქართველოში გავრცელებულია 15 ათასზე მეტი სახეობის მცენარე. მათგან 4 ათასზე მეტი თესლოვანია, 75 – გვიმრისებური და 2600 – წყალმცენარე. მცენარეულობის 6% (ანუ 900-მდე სახეობა) ენდემური და რელიქტურია. მრავალფეროვნებით გამოირჩევა ცხოველთა სამყაროც, რ-თა შორის 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარი და 300-ზე მეტი სახეობის ფრინველია. სახეობათა რაოდენობის, ენდემიზმის და ბიომრავალფეროვნების მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნების ხუთეულში შედის, რაც მკაფიოდ ადასტურებს მის ლანდშაფტურ მრავალფეროვნებასა და განუმეორებლობას.
საქართველო ლ-ების სახეობის მიხედვით მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპაში – პირველ ადგილზეა (ჩამორჩება მხოლოდ დიდი ტერიტორიის მქონე სახელმწიფოებს: ჩინეთს, აშშ-ს, რუსეთს, ავსტრალიას, მექსიკას, ინდოეთს, კანადას, ბრაზილიას, არგენტინას, თურქეთს და ჩილეს). ლანდშაფტური მრავალფეროვნების (მათი რაოდენობის თანაფარდობა ტერიტორიასთან) მიხედვით კი საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მისი ტერიტორიის ლანდშაფტური მრავალფეროვნება 20-ჯერ აღემატება მსოფლიოს შესაბამის საშ. მაჩვენებელს.
საქართველოს ლ. მნიშვნელოვნადაა სახეცვლილი ადამიანის აქტიური სამეურნეო საქმიანობის შედეგად, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ხელსაყრელი რელიეფის პირობებში – ვაკე-დაბლობებზე, გორაკ-ბორცვიან ნაწილსა და მთათაშორის ქვაბულებში. სიმაღლის მატებასთან ერთად (საშუალო და მაღალ მთებში) ადამიანის სამეურნეო ზემოქმედების მასშტაბები მცირდება და ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს.
საქართველოში ლ-ის 11 ტიპია. მათგან 4 ბარის, ხოლო 7 მთის ლ-ს მიეკუთვნება. გეოგრაფიულად ლ-ის 3 ტიპი კავკასიონის მთიანი სისტემის ფარგლებში და მთელ საქართველოში გვხვდება, 2 – მხოლოდ დას., 5 – აღმ., ერთი კი – სამხრ. საქართველოში.
საქართველოს ბარის ლ-ს ვხვდებით კოლხეთისა და იმერეთის მაღლობზე, შიდა და ქვემო ქართლის ვაკეზე, ივრის ზეგანზე, ალაზნის ვაკესა და ელდარის ველზე. მათ საქართველოს ტერიტორიის 2/5 უჭირავს.
საქართველოს ბარის ლ-ის ძირითადი ტიპებია:
- კოლხეთის დაბლობის ნოტიო სუბტროპიკული ტყის ლ. გავრცელებულია კოლხეთის დაბლობსა და მის მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ნაწილში (აჭარის, გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის – ზ. დ. 200 მ და იმერეთის ზ. დ. 1000 მ ფარგლებში). ძირითადად ხასიათდება ჰაერის დადებითი ტემპერატურით მთელი წლის განმავლობაში, დაბალი ტემპერატურული ამპლიტუდით და მაღალი ტენიანობით (საშ. 1000–2000 მმ ნალექი წელიწადში). დანესტიანების ხარისხი კლებულობს შავი ზღვიდან დაშორების მიხედვით. ბუნებრივი ლ-ის ფრაგმენტები (ჭაობები, კოლხური პოლიდომინანტური ტყეები) შემორჩენილია მხოლოდ დაცული ტერიტორიების (კოლხეთი, აჯამეთი, ბიჭვინთა, კინტრიში, მტირალა, მაჭახელა, სათაფლია) ფარგლებში. კოლხური ჭაობები და პოლიდომინანტური ტყეები შეყვანილია იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში.
ლ-ის ფარგლებში ძირითადად წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებია, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სუბტროპ. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ამჟამად ლ-ის უდიდესი ნაწილი სახეცვლილია ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად.
- კახეთის ბარის ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ტყის ლ. გვხვდება ალაზნის ვაკესა და მის მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ნაწილში, ზ. დ. 200–500 მ ფარგლებში. ძირითადად ხასიათდება ჰაერის დადებითი ტემპერატურით მთელი წლის განმავლობაში და აღმ. საქართველოს ბარის სხვა რეგიონებთან შედარებით მაღალი ტენიანობით (საშ. 700–1000 მმ ნალექი წელიწადში). დანესტიანების ხარისხი 0,5–1,0-ის ფარგლებშია, რაც განაპირობებს პერიოდულ გვალვებს. ბუნებრივი ლ. ძირითადად ალაზნის ჭალებშია. მის ფარგლებში ძალზე ნაყოფიერი ალუვიური ნიადაგებია. ამჟამად ლ-ის უდიდესი ნაწილი სახეცვლილია ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად;
- ივერიის ბარის ზომიერად მშრალი სუბტროპიკული ტყის ლ. გავრცელებულია შიდა და ქვემო ქართლის ვაკეებზე, მის მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ზოლსა და ივრის ზეგანზე, ზ. დ. 200–1000 მ ფარგლებში. ხასიათდება გრილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით, საშ. ტენიანობით (500–600 მმ ნალექი წელიწადში) და დანესტიანების დაბალი ხარისხით (0,3– 0,5-ის ფარგლებში), რაც განაპირობებს ხშირ გვალვებს. ბუნებრივი ლანდშაფტი ძირითადად შემორჩენილია მდინარეთა (მტკვრის, ივრის) ჭალებში. ნათელი ტყეების ადგილზე გავრცელებულია ჯაგეკლიანი და სტეპის მცენარეულობა. ლანდშაფტის ფარგლებში ძირითადად ყავისფერი ნიადაგებია.
- ელდარის ბარის მშრალი სუბტროპიკული ნახევრადუდაბნოს ლ. წარმოდგენილია ქვემო ქართლის ვაკის სამხრ. ნაწილში და ელდარის ვაკეზე, ზ. დ. 100–250 მ ფარგლებში. ხასიათდება შედარებით თბილი ზამთრით და ძალიან ცხელი ზაფხულით, უმნიშვნელო ტენიანობით (200–300 მმ ნალექი წელიწადში) და დანესტიანების ძალიან დაბალი მაჩვენებლით (0,1– 0,3-ის ფარგლებში), რაც განაპირობებს ინტენსიურ გვალვებს. ბუნებრივი ლანდშაფტი ძირითადად შემოჩენილია ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიაზე. აქ გაბატონებულია მშრალი სტეპის (ავშანი, აბზინდა) მცენარეულობა. ლანდშაფტის ფარგლებში ძირითადად რუხი-ყავისფერი ნიადაგებია. მისი უდიდესი ნაწილი სახეცვლილია ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად, რაც ძირითადად ზამთრის საძოვრებს უკავშირდება.
საქართველოს მთის ლ. მდებარეობს დაბალ, საშუალო და მაღალ მთებში. მათ საქართველოს ტერიტორიის 3/5 უკავიათ. გამოიყოფა ლანდშაფტის შემდეგი ტიპები:
- დას. საქართველოს მთის კოლხური ტყის ლ. სიმაღლის მატებასთან ერთად ანაცვლებს კოლხეთის ნოტიო სუბტროპიკული ტყის ლ-ს და გვხვდება დას. საქართველოს თითქმის ყველა ისტ.-გეოგრ. პროვინციაში (გარდა სვანეთისა). ვრცელდება ზ. დ. 1400 მ-მდე. მის ძირითად ნაწილს არ ახასიათებს სუბტროპ. ჰავის ნიშნები, თუმცა ტყეებში გვხვდება მარადმწვანე ქვეტყე. იანვრის საშ. ტემპ-რა 0–3 ºC, ნალექის რაოდენობა – 1500–2000 მმ, რაც მკვეთრად კლებულობს მთათაშორის ქვაბულებში.
ლანდშაფტის ფარგლებში ძირითადად არის დაბალი ნაყოფიერების ყომრალი და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. აქ ძირითადად ათვისებულია მთათაშორისი ქვაბულები (შიდა აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი) და მდინარეთა მიმდებარე ტერიტორიები, რაც ხელსაყრელ რელიეფს და ალუვიურ ნიადაგებს უკავშირდება;
- სამხრეთ საქართველოს მთის სტეპის ლ-ს ვხვდებით ფართო სიმაღლებრივ დიაპაზონში – ახალციხის ქვაბულში, ზ. დ. 800–1000 მ, ჯავახეთის ვულკანურ პლატოზე კი – 1400–2000 მ ფარგლებში. ახასიათებს ხანგრძლივი ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული. ნალექების რაოდენობა 500 მმ არ აღემატება, რაც განაპირობებს მშრალი ბალახეული ეკოსისტემების ფორმირებას. მცირე ფრაგმენტების სახით გვხვდება ისტ. წარსულიდან შემორჩენილი ფართოფოთლოვანი ტყის კორომებიც.
მაღალნაყოფიერი მთის შავმიწა ნიადაგები თითქმის მთლიანადაა ათვისებული და მოსწორებულ რელიეფს ქმნის.
- აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს დაბალი მთის ტყის ლ. ვიწრო ზოლის სახით მთათაშორისი ბარის მიმდებარე მთიან ნაწილშია, ზ. დ. 600–1000 მ ფარგლებში. ძირითადად ხასიათდება საშ. დახრილობის ფერდობებით, ეროზიულ-დენუდაციური და მეწყრული პროცესებით. ლანდშაფტწარმომქმნელი ფაქტორებიდან არსებითია დანესტიანების ხარისხი: სამხრ. ექსპოზიციის ფერდობებზე უმეტესწილად გავრცელებულია მუხნარები, ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობებზე კი – რცხილნარები და წიფლნარები.
ადამიანის მიერ ძირითადად ათვისებულია მცირე დახრის მქონე მთის ფერდობები, ქვაბულები (ერწო-თიანეთი) და პლატოები (დუშეთი);
- აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს საშუალო მთის ტყის ლ. ზ. დ. 1000–1800 მ ფარგლებშია, ძირითადად ხასიათდება საშ. დახრილობისა და ციცაბო ფერდობებით, ასევე ეროზიულ-დენუდაციური პროცესებით. მდინარეთა ხეობებში ერთმანეთს ენაცვლება ვიწრო და გაფართოებული მონაკვეთები. ლანდშაფტწარმომქმნელი ფაქტორები უკავშირდება საკმაოდ ცივ ზამთარს და ხანმოკლე გრილ ზაფხულს. თოვლის საფარი ნოემბერში ყალიბდება და დევს 4–5 თვის განმავლობაში. დანესტიანების ხარისხი შედარებით მაღალია, რის გამოც თითქმის ყველგან გაბატონებულია წიფლნარი.
ლანდშაფტი ნაკლებადაა სახეცვლილი. აქ მიწათმოქმედებისათვის მხოლოდ მდინარეთა მიმდებარე ტერასები გამოიყენება.
- მაღალი მთის ტყის ლ. ძირითადად დას. და სამხრ., ფრაგმენტების სახით კი ჩრდ. და აღმ. (თრიალეთის ქედზე) საქართველოშია, ძირითადად, – ზ. დ. 1400–1800 მ ფარგლებში. ხასიათდება ციცაბო ფერდობებით და ეროზიულ-დენუდაციური პროცესებით. ლანდშაფტწარმომქმნელი ფაქტორები უკავშირდება ნალექების დიდ რაოდენობას (ზოგან 3000 მმ), ცივ ზამთარს და გრილ ზაფხულს. მაღალი დანესტიანება ხელსაყრელ პირობებს ქმნის წიფლნარ-მუქწიწვიანი (სოჭი, ნაძვი), ხოლო შედარებით ნაკლები დანესტიანება – ფიჭვნარის (სამხრ. საქართველო) განვითარებისთვის.
ლანდშაფტის ზედა ნაწილში, უტყეო ტერიტ-ები მაღალბალახეულობას უჭირავს და ინტენსიურად გამოიყენება ზაფხულის საძოვრებად. ლანდშაფტი გამოირჩევა რეკრეაციული რესურსებით, რის გამოც აქ არაერთი კურორტია (ბაკურიანი, აბასთუმანი, რიწა, შოვი, საირმე და სხვ.);
- მაღალი მთის სუბალპური და ალპური ლ. მთელ საქართველოშია, მისი ქვედა საზღვარია ზ. დ. 1800–2400 მ, ზედა – 3000–3200 მ ფარგლებში. ხასიათდება ციცაბო ფერდობებით და რელიეფის პალეოგლაციური ფორმებით. ლანდშაფტწარმომქმნელი ფაქტორები უკავშირდება ხანგრძლივ ცივ ზამთარს და ხანმოკლე გრილ ზაფხულს. მიუხედავად ნალექების დიდი რაოდენობისა, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი არახელსაყრელია ტყის მცენარეულობის განვითარებისთვის. სუბალპებისთვის დამახასიათებელია მაღალი (1,5–2 მ. , ხოლო ალპური ნაწილისთვის – დაბალი ბალახეულობა (20–30 სმ). აქვე გვხვდება დეკიანები – 1 მ-მდე სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქნარი. ლანდშაფტი ძირითადად სათიბ-საძოვრებად გამოიყენება.
- მაღალი მთის გლაციალურ-ნივალური ლ. გვხვდება კავკასიონის მაღალმთიანეთში, ზ. დ. 3000– 3200 მ-ზე მაღლა. ხასიათდება დაბალი სიმაღლის მდელოებით და პრიმიტიული ნიადაგებით. გამოიყენება საძოვრებად. თოვლის საფარის სიმაღლე და ხანგრძლივობა სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა.
ნ. ელიზბარაშვილი