ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული გურიის რეგიონში. ადმ. ცენტრი – ქ. ლანჩხუთი. მუნიციპალიტეტს დას-ით ესაზღვრება შავი ზღვა, აღმ-ით – სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპ-ები, ჩრდ-ით – ხობის, სენაკისა და აბაშის, ხოლო სამხრ-ით – ოზურგეთის მუნიციპ. მისი ტერიტორია შეადგენს 533,1 კვ. კმ. მოსახლეობა 31 486 (2014) ლ. მ-ში გაერთიანებულია 16 ადმ. ერთეული: ქ. ლანჩხუთი და 15 თემი (აკეთი, აცანა, გვიმბალაური, ლესა-ჭინათი, მამათი, მაჩხვარეთი, ნიგვზიანი, ნიგოითი, ნინოშვილი, სუფსა, ღრმაღელე, შუხუთი, ჩიბათი, ჩოჩხათი, ჯურუყვეთი).

ისტორიული ცნობა. ახლანდ. ლ. მ-ის ტერიტ. შედიოდა კოლხეთის სამეფოში, ძვ. წ. III ს-ში ქართლის სამეფოში შემავალი ეგრისის ტერიტორია იყო, ადრეული და განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში – ეგრისის სამეფოს, აფხაზეთის სამთავროს, აფხაზთა სამეფოს, აფხაზთა და ქართველთა სამეფოს, შემდეგ ერთიანი საქართველოს, XIII–XIV სს. მიჯნაზე ლიხთიმერეთის სამეფოს შემადგენლობაში იყო. ამ ტერიტორიას მოიცავდა გურიის საერისთავო, რ-იც XV ს-იდან შედიოდა იმერეთის სამეფოში, შემდეგ კი გურიის დამოუკიდებელ სამთავროდ იქცა. ექვემდებარებოდა თავდაპირველად ქუთაისის, ხოლო შემდეგ – ჯუმათის საეპისკოპოსოს. გურიის სამთავროს დროებითი მმართველობის გაუქმების (1840) შემდეგ ოზურგეთის მაზრაში შევიდა. 1930-იდან დამოუკიდებელი რ-ნი იყო. 2006-იდან ეწოდა ლ. მ.

ბუნება. ლ. მ-ში ვაკე და გორაკბორცვიანი რელიეფია. ჩრდ.-დას. ნაწილი უკავია გურიის დაბლობს, სამხრ.-აღმ. კი – გურიის სერს. დაბლობი მეოთხეული ნალექებით – რიყნარით, თიხნარით და ქვიშნარით აგებული აკუმულაციური ვაკეა, რ-ის შუა ნაწილი ყველაზე დაბალი ადგილია (ზ. დ. 20 მ, ზღვის სანაპიროზე გავრცელებული ზღვიური დიუნები ხელს უშლის ზედაპირული წყლების ზღვაში ჩადინებას, რაც ჭაობებისა და ტბების წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზია. გურიის სერი აგებულია ზედა ცარცული კირქვებით, შუა და ზედა მიოცენის თიხებით, კონგლომერატებით, ქვიშაქვებით. დამახასიათებელია პატარა ანტიკლინები და სინკლინები, რ-ებიც რელიეფში კარგად არის გამოხატული. სერის დასავლეთი დაბალია (200–400 მ, აღმოსავლეთი კი თანდათან მაღლდება და 500– 600 მ აღწევს (მთა საირაო 478 მ, სამება – 523 მ., ტალახა – 660 მ), სერის ჩრდ. კალთის გასწვრივ გაჭიმულია ვიწრო დაბალბორცვიანი მთისწინეთი. ხასიათდება ზღვიური და მდინარეული ტერასული ზედაპირებით, სერის სამხრ. კალთა შემოფარგლულია ბორცვიანი მთისპირა ვაკით. ეს ზოლი მდინარეთა ხეობებით ძლიერ დანაწევრებულია და ტერასული რელიეფით გამოირჩევა, დას. ნაწილში კი მიოცენური და პლიოცენური თიხები, ქვიშაქვები და კონგლომერატებია.

ლ. მ. მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ ტორფის რამდენიმე საბადოა – იმნათის (ყველაზე დიდი), გრიგოლეთისა და სუფსის. ნავთობის საბადოა სუფსასა და შრომისუბანში. ზღვის ზოლი შეიცავს მაგნეტიტს. სოფლებში შუხუთსა და ჯუნჯუათში მოიპოვება მერკელიანი კირქვა, აცანაში, ზემო აკეთსა და ქვემო აკეთში თიხნარი ნიადაგია. გულიანსა და ჯურუყვეთში მოედინება გოგირდოვანი წყლები.

ჰავა. გურიის დაბლობსა და გორაკ-ბორცვებზე 200 მ სიმაღლემდე ზღვის ნოტიო ჰავაა, ზამთარი თბილია, ზაფხული კი – ცხელი, დამახასიათებელია მუსონური ქარები. გურიის სერზე (200 მ ზემოთ) ასევე ზღვის ნოტიო ჰავაა, მაგრამ ზამთარი ზომიერად ცივი და ხანგრძლივია, ზაფხული კი – თბილი. ჰაერის საშ. წლიური ტემპ-რა 13 οC-იდან 13,8 οC-მდეა, იანვ. 3.8 οC–4.6 οC, ხოლო აგვ. 21,8 οC –23,1 οC, აბს. მინ. – 18–20 οC-მდე ეცემა, მაქს. კი 39–41 οC-მდე ადის. ყველაზე ცხელია ივლისი და აგვისტო. ატმოსფერული ნალექების წლ. ჯამი 2400 მმ აღწევს (ხიდმაღალა). ყველაზე მშრალი პერიოდია აპრილსა და მაისში. ყველაზე მეტი ნალექიანობით ხასიათდება აგვ. და ნოემბ. განსაკუთრებით მკაცრ ზამთარში თოვლის საბურვლის მაქს. სიმაღლე 115 სმ აღწევს. ზაფხულობით გაბატონებულია სამხრეთ-დასავლეთის, ხოლო ზამთრობით – ჩრდ.-აღმ-ის ქარი. ზოგჯერ ქრის ფიონი. ქარის საშ. წლ. სიჩქარეა 2,2 მ/წმ.

შიდა წყლები. ლ. მ-ის ტერიტორიაზე ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელია. ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარეა სუფსა, რ-ის ქვემო დინება მუნიციპ-ის ტერიტორიის ფარგლებშია. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და შემოდგომაზე. წყალმცირობა – ზაფხულის მეორე ნახევარსა და ზამთარში. სხვა მდინარეებია: ფიჩორა, ლესისწყალი, შუთი, გომახურისწყალი, წყალწითელა და სხვ. ეს მდინარეები წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობენ. წყალდიდობა ხშირია შემოდგომასა და ზამთარში, წყალმოვარდნა – მთელი წლის განმავლობაში, წყალმცირობა – აპრილსა და მაისში. ლ. მ-ის ტერიტ-ზე მდებარეობს პალიასტომი, იმნათი, ჯაპანისა და გრიგოლეთის ტბები.

ნიადაგები. ზღვის სანაპირო ზოლში დაჭაობებული ნიადაგებია, მდ. სუფსის ქვემო დინების გასწვრივ – ალუვიური უკარბონატო, ტორფიან-ჭაობიანი და ჭაობის ლამიანი, გურიის სერის კალთებზე კი – წითელმიწა და გაეწრებული წითელმიწა ნიადაგებია. მცირე ფართობი უჭირავს ყვითელ მიწებს, ტყის ყომრალ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებს, სერის თხემზე კი – სუსტად განვითარებულ, მცირე სისქის, ალაგ-ალაგ ჩამორეცხილ ნიადაგებს.

მცენარეული საფარი. ფლორა და ფაუნა მრავალფეროვანია. შავი ზღვის სანაპიროზე განვითარებულია ზღვისპირა ქვიშნარის მცენარეულობა, რ-საც ისლიანი და მარცვლოვანი ჭაობის მცენარეულობა აკრავს. ჩრდ.-დას. ნაწილში გავრცელებულია კოლხური ჭაობიანი მურყნის, მის სამხრ.-აღმ-ით კი – ლეშამბოიანი ტყეები. ქვეტყეში უხვადაა შქერი, ბაძგი და სხვა მარადმწვანე ბუჩქი. ასეთივე მცენარეულობაა გურიის სერის მთისწინეთშიც. სერის კალთების ზედა ნაწილში ადრე მარადმწვანე ქვეტყიანი წიფლნარ-რცხილნარი იყო, რ-იც დღეს მცირე ფართობზეა შემორჩენილი.

ცხოველთა სამყარო. გურიის დაბლობის ჭაობიან ტყეებში გვხვდება შველი და წავი, გორაკ-ბორცვებზე, სერის ტყიან კალთებზე – ტურა, მგელი, მაჩვი, კურდღელი, ნუტრია, თხუნელა; ფრინველებიდან ძერა, ქორი, შევარდენი, იხვი, ჩხიკვი, ყანჩა, ტყის ქათამი, მოლაღური, სკვინჩა, ბეღურა, შაშვი, ჩხართვი და სხვ. ჭაობიან ტყეებში ბუდობს ჩვეულებრივი ხოხობი, მწყერი. ტბებში გვხვდება შემდეგი სახეობის თევზები: კაპარჭინა, ჭანარი, ჭერეხი, კობრი, ლოქო, ფარგა, ქორჭილა; მდინარეებში – ქაშაპი, კოლხეთის ციმორი, წვერა, კობრი, ლოქო, ღორჯო და სხვ. მდინარე სუფსის ქვემო წელში გავრცელებულია კოლხური კვირცხლა, კოლხური ხრამული, ჭერეხი, ლიქორა, ბლიკა.

ლანდშაფტები. ლ. მ-ის ტერიტ-ზე გვხვდება შემდეგი ლანდშაფტები: 1. ზღვისპირა ქვიშიან-ხრეშიანი დიუნები ფსამოფილური მცენარეულობით; 2. დაბლობის ჭაობები ტორფიან- ჭაობიანი ნიადაგ-მცენარეული საფარით; 3. დაჭაობებული დაბლობი უმთავრესად მურყნარით და ლებიან-ჭაობიანი ნიადაგებით; 4. დახრილი ვაკე-დაბლობი კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და ეწერი ნიადაგები; 5. ბორცვიანი მთისწინეთი კოლხური მცენარეულობით, წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებით; 6. ჭალები ალუვიური ნიადაგებით და მდელო-ტყის მცენარეულობით.

მოსახლეობა. მოსახლეობის 98,8% ქართველია. მოსახლეობის საშ. სიმჭიდროვეა 59,1 კაცი 1 კმ 2-ზე (2014).

მეურნეობაში უმნიშვნელოვანესია ბაქო–სუფსის ნავთობსადენი და სუფსის ტერმინალი. სოფლის მეურნეობა წარმოდგენილია მეციტრუსეობით, მეცხოველეობით, მოჰყავთ თხილი. მუნიციპ-ის ტერიტ-ზე გადის რკინიგზის მონაკვეთი სამტრედია–მახინჯაური (35 კმ), თბილისი–ბათუმის მაგისტრალი, ასევე საქართვ. მთავარი საავტომობილო მაგისტრალი, ლანჩხუთი–ოზურგეთის, ჯაპანა–აბაშის, ლანჩხუთი–ნასაკირალის საავტ. გზები.

კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. ლ. მ-ში ფუნქციონირებს 30-მდე საჯარო და კერძო სკოლა, პროფესიული კოლეჯი, ბ-კა; ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

ლ. მ-ში არის ორი სტაციონარული ტიპის კლინიკა: შპს „მედალფას“ და შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ლანჩხუთის კლინიკები. ამბულატორიები: შპს „ჯანმრთელობა“, შპს „ნევრონი“ (ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერი).

ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. მნიშვნელოვანია ბუნებრივი და ხელოვნური გამოქვაბულები (ხორეთი, ჩანჩეთი, ორაგვე, კოკათი, ჩოჩხათი, გაგური). ამ გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ და მტრის შემოსევების დროს თავს აფარებდნენ ბერები. ძეგლებიდან აღსანიშნავია ჯიხეთის, აკეთის წმ. გიორგის ეკლესიები, აკეთის მაცხოვარი და ოქონის მონასტერი.