ლანჩხუთის სახალხო თეატრი ე. ნინოშვილის სახელობისა, პირველი საქველმოქმედო ხასიათის თეატრ. წარმოდგენა გაიმართა 1895 ა. კვიტაიშვილის ხელმძღვანელობით, დაიდგა ვ. გუნიას დრამა ,,და-ძმა“.
1910-იდან მომწიფდა მუდმივი თეატრის დაარსების იდეა. აღსანიშნავია ექიმ გ. გრიგორაშვილის ღვაწლი, რ-მაც ჩამოაყალიბა ,,დრამატული საზოგადოება“ და ხელი შეუწყო თეატრის გახსნას. 1914 წ. 8 თებერვალს წარმოადგინეს ა. ცაგარლის დრამა ,,ერთი ნაბიჯი წინ“. 1921 საძირკველი ჩაეყარა ლანჩხუთის თეატრის მშენებლობას. კონსულტანტად მიწვეული იყო კ. მარჯანიშვილი (1932), რომელმაც 1926 დროებით შენობაში დადგა სპექტაკლი ,,დეზერტირკა“. თეატრის მშენებლობა დასრულდა 1937 წელს.
1928-იდან ლანჩხუთის თეატრს ხელმძღვანელობდა რეჟ. ი. ებრალიძე.
1937 წ. 28 თებერვალს გაიხსნა ლანჩხუთის სახელმწ. თეატრი. წარმოდგენილი იყო შ. დადიანის „ნინოშვილის გურია“. ამავე წელს თეატრს ე. ნინოშვილის სახელი მიენიჭა. 1938–41 თეატრს ხელმძღვანელობდა გ. ლაღიძე. მან ლანჩხუთში 12 სპექტაკლი დადგა, რ-თაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ს. კლდიაშვილის ,,გმირთა თაობა“, ა. წერეთლის ,,პატარა კახი“, ა. ოსტროვსკის ,,უდანაშაულო დამნაშავენი“. თეატრს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა სპექტაკლმა ,,კოლმეურნის ქორწინება“ (პ. კაკაბაძე; 1940). 1947 ლანჩხუთის ე. ნინოშვილის სახ. თეატრი გაუქმდა, ხოლო 1959-იდან ჩამოყალიბდა დრამატული კოლექტივი, რ-მაც მალევე სახალხო თეატრის წოდება მიიღო. სხვადასხვა დროს ლ. ს. თ-ში მოღვაწეობდნენ რეჟისორები: ვ. წულაძე, ო. ცერაძე, ლ. ურუშაძე და გ. ქურიძე.
2015–16 დაიდგა ლ. ბუღაძის ,,ნაფტალინი“; ,,ნუგზარი და მეფისტოფელი“; მ. კამოლეტის „Family ფრანგული გარნირით“; ო. ქათამაძის ,,დაარქვი რაც გინდა“ (რეჟ. დ. წერეთელი); ა. ჩხაიძის ,,ხიდი“ (რეჟ. გ. ჯაფარიძე); აგრეთვე თოჯინური სპექტაკლები. 2019 წ. 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, პარიზში წარმოდგენილი იყო ლანჩხუთის თეატრისა და თ. ლოჩოშვილის მიერ პარიზში დაარსებული (2017) ქართ. თეატრ. ასოციაციის – ,,TAM-ART“- ის ერთობლივი ნამუშევარი – ო. ქათამაძის ,,დაარქვი რაც გინდა“ (რეჟ. დ. წერეთელი).
2021 ლანჩხუთის კულტურის ცენტრში დაიდგა ლანჩხუთის თეატრისა და უკრაინის თეატრ „გარმიდერის“ ერთობლივი სპექტაკლი – ,,46 შეხება“ (რეჟ. ო. ქათამაძე). თეატრი გასტროლებს აწყობს საქართვ. სხვადასხვა რეგიონში.
თ. კახიანი