ლაონიკე ქალკოკონდილე

ლაონიკე ქალკოკონდილე (Laonikos Chalkokondyles) (დაახლ. 1423 ან 1430, ათენი, – დაახლ. 1490, კუნძული კრეტა), ბიზანტიელი ისტორიკოსი. მსახურობდა კონსტანტინე პალეოლოგოსის კარზე. მისი 10 წიგნად დაწერილი „ისტორია“ 1298–1463 ამბებს მოიცავს, მაგრამ აქა-იქ 1484–87-ში მომხდარი ამბებიცაა მოთხრობილი. იგი დაწვრილებით აღწერს ბიზანტიის დაცემასა და ოსმალთა იმპერიის გაძლიერებას. შრომებში არის ცნობები სამხრ. და აღმ. ევროპის ხალხებზე, აგრეთვე საქართველოს, კერძოდ, ტრაპიზონის სამეფოსა და ჭანური მოსახლეობის საგვარეულოების შესახებ; აღწერილია თემურლენგის ლაშქრობები იბერიაში. იგი აღნიშნავს: „იბერია კოლხიდის ქვეყნის მეზობლად არის და ამათი მეფეები არ არიან უგვარონი. ეს ქვეყანა გადაჭიმულია ეგრეთ წოდებულ ბათუმიდან და მდინარე ფაზისიდან ვიდრე ახალციხემდე (და იქ შედის) საბრძანებელი ყვარყვარესი, გორისა, კახეთისა და თბილისისა; ეს ქალაქები ემეზობლებიან შამახას, რომელშიც მოსახლეობენ თურქები“; მათ ეკუთვნით აგრეთვე ზღვის სანაპიროზე მდებარე სებასტოპოლისი... და სხვა ზღვისპირა ქალაქები“. თვითონ იბერების შესახებ წერს: „თუ საიდან მოვიდნენ ამ ქვეყანაში, ან თუ დასავლეთის იბერთაგან წარმომავლობენ, დანამდვილებით ვერ ვიტყვი“.

თხზ.: Historiarum demonstrationes, ed. E. Darko, [v.] 1–2, Bdpst., 1922–27, [წიგნში]. გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 8, თბ. 1970.

ნ. ლომოური