ლაჟღვაში (სვანურად – წინამძღოლი), რელიგიურ-რიტუალური ხასიათის სვანური ფერხული. იგი ქართველთა მთავარი ღვთაებების – მზისა და მთვარის სადიდებელი, რიტუალურ წრეში ჩასმული ფერხულთაგანია. ფერხულთა წრიული ფორმები მზისა და მთვარის მოძრაობას, ასტრალური კულტისადმი თაყვანისცემას გამოსახავს და ქართული ცეკვის დანიშნულების პირველწყაროსა და უძველესი ხელოვნების პირველყოფილ ფორმებს განეკუთვნება. ფერხულს წინაქრისტიანული მთავარი ღვთაების – მთვარის (გაქრისტიანების შემდეგ, წმ. გიორგი) სხვადასხვა ფაზის (სავსე ან ნახევარმთვარე) შესაბამისად წრიული ან ნახევარწრიული გამოსახულება ჰქონდა. ხალხური შეხედულებით მთვარე მამრია. ამის დასტურია მეგრული („მზე დედაა ჩემი, მთვარე – მამაჩემი, წვრილ-წვრილი ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი“) და ქართლური („ნათელმა მთვარემ ბრძანა, ბევრით მე ვჯობივარ მზესა, დაჯდა დაწერა წიგნები, ზენა ქარი მიათრევსა, მზეს რომ კაცი მიუვიდა, მზე ძალიან გაჯავრდესა: მე და ვარ და ის ძმა არის რად გვაჯავრებთ ერთმანეთსა“) ხალხური ლექსები.
ფერხულში მონაწილეობენ ქალ-ვაჟები. იგი სრულდება ორპირული სიმღერის თანხლებით, რ-ის მუს. ზომაა 4/4. ლილე და ლ. მთვარესთან ერთად მზის პატივისცემის, ნათლისა და ბნელის ბრძოლის, სიცოცხლისა და ნაყოფიერების სადიდებელი ჰიმნია. მიწათმოქმედებისა და სარჩო-სანოვაგის მოპოვებასაც უკავშირდებოდა და ლხინსა და ქორწილებში სრულდებოდა.
ლიტ.: ალავიძე ო., საუბრები ქორეოგრაფიაზე, თბ., 2010; ბარამიძე ბ., ქართული ხალხური და კლასიკური ქორეოგრაფია, თბ., 2016; თათარაძე ა., ქართულ ცეკვათა განმარტებანი, თბ., 1986; მისივე, ქართული ხალხური ცეკვა, თბ., 2010.
ბ. ბარამიძე