ლარი

ლარი, 1. ძვირფასეულობა, განძეულობა; აქედანვე მომდინარეობს სალარო, (სადაც ლ-ს ინახავდნენ). ლ. ორგვარია: ა) ძვირფასი, ანუ პატიოსანი ქვები, ოქრო-ვერცხლი და მათი ნაკეთობანი; ბ) ტექსტილური ნაწარმი, აბრეშუმისა და შალის (მატყლის) ქსოვილები, „კერულნი და უკერულნი“; 2. მთის კალთის სიგრძეზე განლაგებული სახნავი ფართობი; 3. მატყლის საპენტი მესხეთსა და რაჭაში; 4. წვრილი და მაგარი თოკი, რ-საც იყენებენ კალატოზები კედლის სისწორის დასაცავად; 5. სიმის ერთ-ერთი ძველი ქართული სახელწოდება. ლ-ის სინონიმებია ალყა, ძაფი, ძუა, ძალი. პირველად ლ-ის განმარტებას ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონში ვხვდებით – „ლარი – წელი შეგრეხილი“.

ლიტ.: გუგუშვილი პ., ტექსტილური მრეწველობის ორი ტერმინისათვის „ვეფხისტყაოსანში“, „მნათობი“, 1959, №11; ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2011; ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1990.