ლარიქსი

ლარიქსი (Larix), წიწვოვანი მცენარის გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. 30–35 მ სიმაღლის სწორტანიანი ხეებია. სხვა მარადმწვანე წიწვოვნებისაგან განსხვავებით, ლ-ს წიწვები უყვითლდება, სცვივა და ზამთრობით მთლიანად შიშვლდება.

ლ-ის 20-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდ. ამერიკაში. საქართველოში ლ. ბუნებრივად არ იზრდება, ინტროდუქცირებულია აქა-იქ მცირე რაოდენობით, მაგრამ ტენის ნაკლებობისას მალევე იღუპება. ლ-ის ყველაზე ხნიერი ეგზემპლარები გვხვდება შავი ზღვის სანაპიროზე, წინანდლის პარკსა და ბაკურიანში. კულტივირებულია აგრეთვე თბილისში, ბორჯომში, ზემო სვანეთში (მესტია) და სხვ. ყველაზე მრავლადაა გაშენებული ახალქალაქში, სადაც შერეულია ტყის მცენარეულ საფარში.

ლ. ყინვაგამძლე და სინათლის მოყვარულია. კარგად ხარობს ზომიერად ტენიან და ფხვიერ (კერძოდ კირიან) ნიადაგებზე. ზაფხულის სიცხისა და გვალვისადმი მგრძნობიარეა. სწრაფმზარდია. მეტად მტკიცე და მაგარი მერქანი აქვს, რ-იც გამოიყენება გემთმშენებლობაში, წყალქვეშა ნაგებობებისათვის და სხვ. მერქნის გამძლეობითა და სიმძიმით ლ-ს უთხოვართან ერთად ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია წიწვოვანთა შორის. იძლევა ძვირფას ფისს, რ-ისგანაც მზადდებოდა სკიპიდარი, კანიფოლი და საღებავები ფერწერისათვის. ქერქისგან იღებენ მთრიმლავ ნივთიერებებს.

ვ. სხიერელი