ლარსის არქეოლოგიური ძეგლები, შუა საუკუნეების სამარხები და სამარხეული ინვენტარი. ლარსი (ზემო და ქვემო) ამჟამად შედის ვლადიკავკაზის საქალაქო ოკრუგის შემადგენლობაში. მდებარეობს დარიალის ციხის ჩრდ-ით – საქართვ. სამხედრო გზაზე.
1953 ქვემო ლარსთან წყალდიდობისას გადარეცხილი გზის ქვეშ აღმოჩნდა ქვის ფილებით შედგენილი სამარხები და სამარხეული ნივთები. აღმოჩენის ადგილზე არქეოლ. გათხრები ვერ ჩატარდა. ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელთა ძალისხმევით შეგროვდა არტეფაქტების ნაწილი (რკინის დანები, რგოლები, ბრინჯაოს საყურეები, ბეჭდები, საკიდები, სხვადასხვა მასალისა და ფორმის მძივები), რ-ებიც ძირითადად VI–VIII სს-ით თარიღდება. XI–XII სს-ს მიეკუთვნება ერთი სამარხი, რ-შიც გამოვლინდა ბრინჯაოს ბეჭედი, ყუნწიანი საკიდები და სხვ. ამავე მიდამოებში 1958, ასევე წყალდიდობის დროს, გადაირეცხა სამარხები. ყაზბეგის მუზეუმის თანამშრომლებმა მხოლოდ ერთი სამარხის ინვენტარის გადარჩენა მოახერხეს. სამარხეული მასალა წარმოდგენილია ადრეული შუა საუკუნეების ბრინჯაოსა და რკინის ნივთებით, აგრეთვე მრავალფეროვანი მძივებით. დანარჩენი სამარხების მასალა სტიქიისაგან განადგურდა. არტეფაქტები ინახება სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში. 1962 ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის შუა კავკასიონის სამხრ. კალთების ბრინჯაოს და რკინის ხანის ექსპედიციის ყაზბეგის რაზმმა (ხელმძღვ. ლ. წითლანაძე) არქეოლ. სამუშაოები ჩაატარა 1953 გამოვლენილი სამარხების ადგილას. აქ, გზისპირა ტერასაზე, სადაც სავარაუდოდ ნამოსახლარი უნდა იყოს, აღმოჩნდა შავად, მოჩალისფროდ და წითლად გამომწვარი კერამიკის ნატეხები. საყურადღებოა ადრეული შუა საუკუნეების შავად გამომწვარი თიხის დიდი ჭურჭლის ნატეხი, რ-ის ძირზე რელიეფურად გამოყვანილია წრეში ჩასმული ბორბალი. არტეფაქტი ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის არმაზისხევის საცავში. გზის სიახლოვეს გაითხარა ჩრდ-იდან-სამხრეთით დამხრობილი ქალის სამარხი (VI–VII სს.) ძვლები უმეტესად დაშლილი იყო. მიცვალებულს თავქვეშ ქვა ჰქონდა ამოდებული, სახის წინ ედგა შავად გამომწვარი ქოთანი, რ-ის ძირი შემკული იყო ბორბლის რელიეფური გამოსახულებით; გულმკერდისა და ყელის არეში გამოვლინდა მინის, სარდიონის, პასტის, ქარვის მძივები, წელის მიდამოებში – რკინის ლურსმნისებური ნივთი. სამარხში აღმოჩნდა ასევე რკინის ე. წ. ჭვინტიანი ბულა. მასალა დაცულია სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში. აქვე ინახება ქვემო ლარსის ციხის (კოშკის) მახლობლად აღმოჩენილი რკინის მართკუთხა ნაპირებდახვრეტილი ფირფიტა და წითლად გამომწვარი კერამიკის ნატეხები.
ლიტ.: მინდორაშვილი დ., სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის ზოგიერთი არტეფაქტის დათარიღებისათვის, კრ.: მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა IV, თბ., 2017; წითლანაძე ლ., ხევის არქეოლოგიური ძეგლები, წგ. 2, თბ., 2004.
დ. მინდორაშვილი