ლარჭემი

ლარჭემი, სოინარი, ოსტვინონი, ლერწმის ქართული მრავალღეროვანი (ძირითადად – ექვსღეროვანი) სალამური. ცნობილია სამეგრელოში (ლ. წარმოდგება სიტყვიდან „ლერწამი“), გურიასა (სოინარი, ბერძნ. სიტყვიდან „სოლინარი“) და ლაზეთში („ოსტვინონი“). საკრავი მრავალხმიანია, მაგრამ ტექნიკურად შეზღუდული. იგი შედგება ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი სხვადასხვა სიგრძის მილებისგან, მათგან თითოეულს თავისი სახელწოდება აქვს: „კრიმანჭული“, „მოძახილი“, „გადატანილი“, „წყება“, „საშუალო“, „ბანი“ (გურია); „მეჭიფაშე“, „მაჭყაფალი“, „მაღალი“, „მებანე“, „მეშხუამე“ (სამეგრელო). ამავე დასახელებით მოიხსენიებენ სიმღერებსაც. სახელი გამოხატავს არა ბგერის ჰარმონიულ ფუნქციას, არამედ მის რეგისტრულ მდებარეობას. ოსტატმა თავდაპირველად ხმიანობა უნდა გაუსინჯოს ლერწმის ღეროებს და შემდეგ შეკრას ისინი ბლის ხის თხელი ქერქით. ლ-ზე სხვადასხვა მწყემსური მელოდიები სრულდებოდა, უკრავდნენ საცეკვაოებსაც. სამეგრელოში არსებობდა მელარჭემეთა შეჯიბრი – ნირზი, რ-ის დროსაც ორი მელარჭემე მამაკაცი ექვსღერიან ლ-ს შუაზე ყოფდა და ერთმანეთს გამძლეობასა და ოსტატურად შესრულებაში ეპაექრებოდა.

ლ. ძირითადად დაკავშირებულია მწყემსურ ყოფასთან, მისი გამოყენება ქორწილსა და ხატობა-დღეობებში კი გვიანდელი მოვლენა უნდა იყოს. სამეგრელოში ლ. იყო მწყემსების საკრავი, რ-ის ხმაზე თავს იყრიდა ჯოგი. გურიაში მას მონადირეები სასიგნალოდაც იყენებდნენ, ხშირად ფრინველების გალობასაც ბაძავდნენ. ამ საკრავის გაკეთების და დაკვრის ტექნიკა თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ლ. დღემდეა შემონახული გურიასა და სამეგრელოში.

ლიტ.: შილაკაძე მ., ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა, თბ., 1970.