ლასარეიშვილი ლევან (ლუკა) ნიკოლოზის ძე (დ. 14. XI. 1957, თბილისი), ფერმწერი, გრაფიკოსი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის ფერწერის რესტავრაციის განყ-ბა (1982).
1983-იდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში. 1985-იდან მხატვრის შემოქმედებაში ჩნდება აბსტრაქციონისტული ტენდენციები. 1987 მონაწილეობა მიიღო ქართველ აბსტრაქციონისტთა ჯგუფურ გამოფენაში (მოსკოვი). მუშაობს კონცეფტუალისტურ კომპოზიციებზე („წერილი ქრისტინას“, „პასუხი ქრისტინას“, 1987). 1989 მოეწყო ლ-ისა და ი. კაბაკოვის ნამუშევრების გამოფენა – „ხელოვნება საბჭოთა კავშირიდან“ (სტრასბურგი, საფრანგეთი), გამართა გამოფენა „საქართველო ჩემს ფიქრებში“ (1990, კასელი, გერმანია) და მრავალი სხვ. 1991–2003 ლ. ცხოვრობდა და ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას გერმანიაში. ამ დროს თავის კომპოზიციებში სულ უფრო ხშირად მიმართავდა შერეული ტექნიკის ეფექტს (შოლკოგრაფია, კოლაჟი და სხვადასხვა მექანიკური ზემოქმედების შედეგად ტრანსფორმირებული ფაქტურული ზედაპირები). მის ფერწერულ ტილოებში კი უპირატესობა ვიზიონერულ ძიებებს და სამყაროს ყოვლისმომცველი მარადიული წრებრუნვის სრულიად განსხვავებულ, ახლებური რაკურსით დანახვის მცდელობას ენიჭება. ეს ნამუშევრებია: ინსტალაციები – „პერესტროიკის კედელი“ (1987), „ჯვაროსნული ლაშქრობა 3“ (1993), „საიდუმლო სერობა“(1994), „გაყინული დრო, ანუ ოცნება ფრენაზე“ (1997), „კონტეინერი“ (1998), „ანგელოზი“ (1998), „ეს თაობა“ (2002), „რის ფასად?“ (2020); „კანონი და წესრიგი“ (2020), „წარმოსახვითი დემოკრატიის გზა“ (2020). 2003- იდან ლ. მოღვაწეობს ნიუ-იორკში (აშშ).
თ. ბელაშვილი