ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე

გ. ლასხიშვილი

ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე (ფსევდ. ლალი) [25. XII. 1865 (6. I. 1866) ქუთაისი, – 15. V. 1931, თბილისი], პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დამაარსებელი და ლიდერი. 1885 დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, სწავლობდა ოდესის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლებში. 1887 უნ-ტიდან გარიცხეს, დააპატიმრეს, შემდეგ სამშობლოში გადმოაგზავნეს პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო 1888 ხუთი წლით გადაასახლეს ციმბირში. 1895, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ი. ჭავჭავაძემ მიიღო გაზ. „ივერიის“ რედაქციაში სამუშაოდ. გაზეთის ახალი თაობის წარმომადგენლებთან ერთად მან საფუძველი ჩაუყარა „ახალგაზრდა ივერიელების“ ეროვნ.- რადიკალურ მიმდინარეობას. 1901 სათავეში ედგა საინიციატივო ჯგუფს, ე. წ. მთავარ კომიტეტს, რ-ის მიზანიც საქართველოს ავტონომიისათვის მებრძოლი პოლიტ. პარტიის დაარსება იყო. 1904 გახდა ახალდაარსებული საქართვ. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1910 ხელისუფლების მიერ ამ პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების დარბევა-ლიკვიდაციის დროს დააპატიმრეს, მეტეხის ციხეში ჩასვეს და ხუთი წლით აუკრძალეს კავკასიაში ცხოვრება. იმყოფებოდა ხარკოვში. 1913 შეეხო ამნისტია და სამშობლოში დაბრუნდა.

რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ ლ. ეროვნ. ინტერპარტიული საბჭოს პირველი კრებების მონაწილე და საბჭოს თავ-რის მოადგილე იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს რიგით მეოთხემ მოაწერა ხელი. იგი შევიდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ე. წ. დროებითი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში და რესპუბლიკის სახ. განათლების მინისტრის პოსტი ჩაიბარა. 1919 მარტში აირჩიეს საქართვ. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების წევრად სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან. ამ წლების განმავლობაში ლ. იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთ. კომიტეტის თავ-რე.

1921 მარტში, საბჭ. რუსეთის მიერ საქართვ. ოკუპაციის შემდეგ, ლ. ბათუმში ჩავიდა, მონაწილეობა მიიღო დამფუძნებელი კრების ბოლო სხდომაში და თავისი ოჯახით ემიგრაციაში გახიზვნას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და სამშობლოში დარჩა. საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ჩამოსცილდა პოლიტ. საქმიანობას. ერთხანს მუშაობდა საგარეო ვაჭრობის სახ. კომისარიატში, კოოპერატიულ ბანკში.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონში.

თხზ.: მემუარები, ტფ., 1934; გამოც. მე-2, თბ., 1992.

ლიტ.: შველიძე დ., განათლების მინისტრი – გიორგი ლასხიშვილი, „სახალხო განათლება“, 1990, 24 მაისი.

დ. შველიძე