ლატარია

ლატარია (იტალ. Lotteria, Lotto – წილი, ჰოლანდ. Lot  – ბედი), ორგანიზებული აზარტული თამაში, როდესაც მოგება და წაგება განისაზღვრება შემთხვევითი შერჩევით, ლატარიის ბილეთის ნომრით ან სხვა ნიშნის მიხედვით.

ლ-ის პირველი ფორმები ჩაისახა ძვ. რომსა და ჩინეთში ძვ. წ. II–I სს-ში. მისგან მიღებული შემოსავლები კი გამოიყენეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტებში („ჩინეთის დიდი კედელი“, ხიდები და სხვ.). XV ს-ში პირველი რეგისტრირებული ლ. არსებობდა ბელგიაში, ნიდერლანდებსა და იტალიაში. XVI–XVII სს-ში ლ-ის სახელმწ. მონოპოლია ფართოდ გავრცელდა ევროპაში, ასევე ბრიტანეთის ამერ. კოლონიაში, თუმცა მალე, აშშ-ის დამოუკიდებლობის გამოცხადების (1776) შემდეგ, დაიწყო მანამდე არსებული ლ-ის კერძო სისტემის შევიწროება და 1900 ქვეყანაში ეს ბიზნესი ნახევარი საუკუნის განმავლობაში სრულად აიკრძალა. 1933-მდე ასი წლის განმავლობაში, ლ. აკრძალული იყო საფრანგეთში, სხვადასხვა ხანგრძლივობით – სხვა ქვეყნებშიც. II მსოფლიო ომის შემდგომ ლ-ის ინდუსტრია სწრაფად აღადგინეს. იგი გახდა შეუდარებლად მრავალფეროვანი, მაღალმომგებიანი და ზრდადი ბიზნესი როგორც ევროპასა და აშშ-ში, ისე მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში. მცირეა იმ სახელმწიფოების რიცხვი, სადაც ის აკრძალულია (საუდის არაბეთი, ჩრდ. კორეა, სინგაპური და სხვ.). ქვეყნების უმრავლესობა ცდილობს შეიმუშაოს ლ-ის საკუთარი მოდელი – გახდეს ის სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული, თუ დაუთმოს კონკურენტულ ბაზარს. ამასთან, ყველა შემთხვევაში სახელმწიფოები ეძებენ ლ-ის რეგულირების მექანიზმებს, რათა დამყარდეს ოპტიმალური ბალანსი მისგან მიღებულ შემოსავლებსა და ლ-ის მოთამაშე მოსახლეობის ინტერესებს შორის.

საქართველოში ლ-ის არსებობა XIX ს-იდან დასტურდება.

1801–1917 საქართველოში გავრცელებული იყო ლ-ის ისეთივე სისტემა, როგორიც მთლიანად რუსეთის იმპერიაში. საბოლოო სახით კი ლ-ის ჩატარების წესები 1875 ჩამოყალიბდა. მასზე სახელმწ. მონოპოლია იყო დაწესებული. ლ-ის თამაში მოსახლეობაში „სხვადასხვა რისამე ლატარეაში ჩაგდების“ ფორმით იყო გავრცელებული, თუმცა იკრძალებოდა. ა. წერეთელს „ჩემს თავგადასავალში“ აღწერილი აქვს ხაჭაპურების ლ-ში „თითო კაპეიკის“ ჩაგდების ამბავი, რისთვისაც იგი „ლინეიკის“ ხელზე დარტყმით დაისაჯა. 1918 ბოლშევიკურმა მთავრობამ ლ., როგორც ბურჟ. გადმონაშთი, აკრძალა, თუმცა 1921 მოუსავლიანობით გამოწვეული დიდი ფინანს. სირთულეების გამო მისი ჩატარება აღადგინა.

1919 წ. 1 ნოემბერს შედგა დამოუკიდებელი საქართვ. პირველი საქველმოქმედო ლ-ის გათამაშება. მისგან შემოსული თანხები მოხმარდა თსუ-სა და ქართ. თეატრს. აღნიშნული ლ-ის საბჭოს თავმჯდომარეობდა ივ. ჯავახიშვილი, ხოლო მმართველობას – გ. ლასხიშვილი.

1921–91 საქართველო გახდა სსრკ-ის ლ-ის ერთიანი სისტემის ნაწილი. ლ. წარმოადგენდა სახელმწ. მონოპოლიას და ჰქონდა ფულად-ნივთობრივი სახე.

XX ს. 50-იანი წლებიდან სსრკ-ის დაშლამდე (1991) რეგულარულად თამაშდებოდა ყოველთვიური ლ., რ-იც 30 კაპიკი ღირდა. მოგება იწყებოდა 1 რუბლიდან, მაქს. მოგება კი იყო ავტომობილი („მოსკვიჩი“ , „ვოლგა“ და „ჟიგული“). არსებობდა არმიის, ავიაციისა და ფლოტის ხელშემწყობი ნებაყოფლობითი ორგანიზაციის („დოსააფი“) ლ. (მოგება 1 რუბლიდან ავტომობილ „ვოლგამდე“). საბჭ. კავშირში, ფულად-ნივთობრივი ლ-ისაგან განსხვავებით, სპორტულ-რიცხვითი ლ. „სპორტლოტო 49-იდან 6“ პირველად მხოლოდ 1970 გათამაშდა, ის ყველაზე პოპულარული და მასშტაბური გათამაშება იყო საბჭ. კავშირის ისტორიაში. ტირაჟული ლ-ის გარდა, გამოდიოდა მომენტალური ლ. „სპრინტი“ და წიგნის მომენტალური ლ.

საქართვ. სახელმწიფოებრიობის აღდგენის (1991) შემდეგ ქვეყანა ლ-ის მოდელის ძიებითა და პოლიტიკის რყევებით ხასიათდებოდა. არსებული ლ-ის ქართ. სისტემა 2005 წ. 25 მარტს მიღებული საქართვ. კანონის („ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“) მიხედვით არის შერეული, ჰიბრიდული. მასზე დაწესებულია სახელმწ. მონოპოლია, რ-იც ექსკლუზიურად გადაეცემა კერძო სამართლის იურიდ. პირს.

ლ-ის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საქართვ. ფინანსთა სამინისტრო ექსკლუზიურ უფლებას 10 წლით გადასცემს ტენდერით განსაზღვრულ ოპერატორს. კანონმდებლობის ხარვეზები, ლ-ის ჩატარების პროცესის არასაჯაროობა, სახელმწ. მიზნებისა და ინტერესების ბუნდოვანება განაპირობებს მის წარუმატებლობას. ლ. სახელმწიფოსათვის წამგებიანია. 2009 ათწლიანი ექსკლუზივი პირველმა მოიპოვა შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“. იგი ეკუთვნოდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ შპს „ლექსორ კაპიტალ კორპორეიშენს“, რ-მაც 2011 წ. 9 აგვისტოს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ 70%-იანი წილი (ბიუჯეტის წინაშე მრავალმილიონიანი დავალიანებით) საქართვ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადასცა, ამ უკანასკნელმა კი მართვის უფლებით – საქართვ. ფოსტას. 2017-იდან 2027-მდე ექსკლუზიური უფლება გადაეცა შპს „ჯი ენ ელის“ – საქართვ. ეროვნ. ლატარიას, რ-მაც დაიწყო თამაშების ორგანიზება 2018 წ. 17 მარტიდან. საქართვ. ეროვნ. ლ. ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი პროდუქტებით: ტირაჟიანი ლოტო 6/36-ით და მომენტალური ლ-ის ე. წ. გადასაფხეკი ბარათების სამი თამაშით: ,,ოქროს საწმისი“, ,,შვიდიანი“ და ,,ფარაონი“. მომავალში იგეგმება ინოვაციური, ელექტრონული მომენტალური ლ-ის გაფართოება.

მ. ჯიბუტი