ლაფანი, ლაფნის ხე (Pterocarya), ზაფხულმწვანე მერქნიან მცენარეთა გვარი კაკლისებრთა ოჯახისა. 35 მ-მდე სიმაღლის ერთსახლიანი ხეებია. დაკიდებულ მჭადა ყვავილედში შეკრებილია ერთსქესიანი ყვავილები. ნაყოფობისას მჭადა დიდდება (ზოგჯერ 0,5 მ-მდე), გრძელი მტევნის მსგავსად ჩამოეკიდება ხეს და ალამაზებს მას. ლ-ის 11-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის სუბტროპ. და ზომიერად თბილ ქვეყნებში. სახეობათა უმრავლესობა თავმოყრილია აღმ. აზიაში, იზრდება მთის ხეობებში, ზოგან ზ. დ. 3500 მ-ზე.
საქართველოში ბუნებრივად იზრდება მხოლოდ ერთი რელიქტური სახეობა – კავკასიური ლ. (P. pterocarpa), კულტივირებულია 3 უცხოური სახეობა. კავკასიური ლ. უფრო სამხრ. კავკასიის დას. ნაწილშია გავრცელებული. აღმ. ნაწილში იგი გვხვდება ალაზან-აგრიჩაის ვაკეზე, თალიშში, მცირე რაოდენობით – სამხრ. დაღესტანსა და ჩრდ.-აღმ. აზერბაიჯანის კასპიისპირეთში.
ლ-ის არეალი ასევე ვრცელდება ლაზეთსა და ირანის კასპიისპირეთში. იზრდება დაბლობიდან მთის ქვემო სარტყლამდე, ზ. დ. 500–800 მ-მდე, უფრო ხშირად მდინარისა და ნაკადულის ნაპირებზე, ალუვიურ ნიადაგზე. ჩვეულებრივ შერეულია ფოთლოვან ტყეში მურყანთან, თელადუმასთან, აღმოსავლურ წიფელთან, კავკასიურ რცხილასთან, იფანთან, ქორაფთან, ლენქორანულ ალბიციასთან და სხვ. მისი წმინდა კორომები – ლაფნიანები იშვიათია. სწრაფმზარდია, სრულასაკოვანი ხის (60–80 წლის) წლიური ნაზარდი სიმაღლეში თითქმის 1 მ აღწევს. ყვავილობს აპრილ-მაისში, მსხმოიარობს სექტემბერ-ოქტომბერში. უხვად ივითარებს ძირკვიდან ამონაყარს. ცოცხლობს 250 წლამდე. დეკორატიული ხეა. რგავენ ხეივნებად, ეულად, ტენიან ადგილებში ტყის გასაშენებლად, მდინარისა და წყალსატევების ნაპირების გასამაგრებლად. ფოთოლი და ქერქი ყავისფერ საღებავს და მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს. ფოთოლში არის აგრეთვე C ვიტამინი და შხამიანი ნივთიერება. თეთრი, რბილი მერქნისაგან ჯამებს, გობებსა და სხვა ნივთებს აკეთებენ. გაშენებულია მრავალ ბაღ-პარკში. ამრავლებენ თესლით და ვეგეტატიურად.
მ. სახოკია