გუცაევი ვლადიმერ გაბრიელის ძე (დ. 21. XII. 1952, თბილისი), ფეხბურთელი (თავდამსხმელი). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1981). დაამთავრა თსუ (1976). 1971–86 იყო თბილ. „დინამოს" თავდამსხმელი, სსრკ ჩემპიონი (1978), საკავშ. ჩემპიონატების ვერცხლისა (1977) და 3 ბრინჯაოს (1971, 1976, 1981) მედლის, სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადის (1983) ვერცხლის მედლის, სსრ კავშირის თასის ორგზის (1976, 1979) და ევრ. ქვეყნების თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი (ფინალურ მატჩში გოლის ავტორი); ევრ. ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976). ჩატარებული აქვს: საკავშ. ჩემპიონატებში 303 (47 გოლი), სსრ კავშირის თასის გათამაშებაში 45 (10 გოლი), საერთაშ. შეხვედრებში 89 (18 გოლი), მ.შ. ევრ. საკლუბო ტურნირებში 34 (8 გოლი) მატჩი. სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა 11 მატჩი (1 გოლი). ექვსჯერ იყო დასახელებული სიაში „33 საუკეთესო". 1987–90 იყო თბილ. „დინამოს" (1990-იდან „იბერიის") გუნდის უფროსი, 1991– 94 – კვიპროსის „ანორთოსისის" მენეჯერი და უფრ. მწვრთნელი, 1995 – ვლადიკავკაზის „ალანიის" გენერალური მენეჯერი, 1996–97 – საქართვ. ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი, 1998–99 – საქართვ. ეროვნ. ნაკრების უფროსი მწვრთნელი, 1999–2000 – ვლადიკავკაზის „ალანიის" უფრ. მწვრთნელი. 2004–08 – საქართვ. პარლამენტის წევრი. არის ღირსების ორდენის კავალერი (2001).
ბ. გუგუშვილი