ლაქაში

ლაქაში (Typha), ერთლებნიან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ლაქაშისებრთა ოჯახისა. მათი სიმაღლე 70 სმ – 4 მ აღწევს. აქვთ ფართო ან ვიწროხაზური, კიდემთლიანი ფოთლები. გვარის 20 სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. ლ. იზრდება ტბებისა და მდოვრე მდინარეების წყალმარჩხ სანაპიროებზე, ზ. დ. 1800 მ-მდე.

საქართველოში გვხვდება 4 სახეობა, უფრო ხშირად გვხვდება ლაქაშის 2 სახეობა – T. latifelia და T. angustifolia, რ-ებიც ქმნიან ფიტოცენოზებს კოლხეთისა და სხვა დაბლობის მდინარისპირული ლარტაფების წყალუხვ ადგილებში, ბაზალეთისა და ლისის ტბების სანაპიროებზე, ზაჰესის საგუბრის ნაპირზე და სხვაგან. ლაქაშიანები საქართველოში დიდ ფართობზე არსად არის გავრცელებული.

ლ. სასილოსე ნედლეულია, ყვავილთანური ბეწვებისგან იღებენ მაღალი ხარისხის ცელულოზას, ხოლო მატყლთან ერთად მას ქეჩისა და ფეტრის წარმოებაში იყენებენ. ლ-სგან თოკს, ჭილობსა და ჩანთებს ამზადებდნენ.

კ. ქიმერიძე