ლაღიძე გრიგოლ (გრიშა) მიხეილის ძე (5. X. 1904, სოფ. ობჩა, ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 9. I. 1983, თბილისი), მსახიობი და რეჟისორი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1941). 1923 დაამთავრა ქუთაისის ქართ. გიმნაზია და სწავლა განაგრძო თბილ. კონსერვატორიასთან არსებულ დრამატულ ფაკ-ტზე. 1925-იდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. 1929–32 რეჟისურას სწავლობდა მოსკოვის „სათეატრო კომბინატში“. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ბათუმის (1926–28), თბილისის სატირის (1928–29), ზუგდიდის (1932–33), ფოთის (1933–34) თეატრების მსახიობად და რეჟისორად; ქუთაისის წითელი არმიის (1934–35), სიღნაღის (1935–36), თბილისის ჯანსახკომის მოძრავი სანიტარიული (1936–38), ლანჩხუთის (1938–41), ცხინვალის (1942–44 და 1947–49) თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელად; იყო თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართული (1945–47; 1949–52), გორის (1954–55, ), ბათუმის (1955) თეატრების რეჟისორი.
ლ-მ შეასრულა 150-მდე როლი, მ. შ. ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის „სამშობლო“), ბეგლარი (კ. კალაძის „როგორ?“), არსენა, როზენი (ს. შანშიაშვილის „არსენა“), დურმიშხანი (დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“) და სხვ. მისი დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“, ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“, ს. კლდიაშვილის „გმირთა თაობა“, ი. ვაკელის „გიორგი სააკაძე“, ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“, ლ. გოთუას „სამსახეობა რაინდისა“ (მარჯანიშვილის თეატრი) და სხვ.
ლ. ავტორია პიესებისა – „სამშობლოს აღზრდილნი“ და „ქვრივები“.