ლაღიძე ილია ნიკიფორეს ძე

ლაღიძე ილია ნიკიფორეს ძე (14. VI. 1902, ფოთი, – 10. XII. 2002, თბილისი), ინჟინერ-მშენებელი, საქართვ. დამს. ინჟინერი (1960). დაამთავრა საქართვ. სამშენებლო-საინჟინრო ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტი (1934). მუშაობდა საქართვ. მთავრობის სახლის მშენებლობაზე (ახლანდ. საქართვ. პარლამენტის შენობა) სამუშაოთა მწარმოებლად (1934–35). ფოთის სახ. დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავ-რე (1935, 1944). იყო საქართვ. წყალთა მეურნეობის მინისტრი (1957–59), რამდენიმე სამინისტროს გაერთიანების შემდეგ კი – საქართვ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე (1944–53); საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტის თავ-რე (1953–56). საქართვ. მინისტრთა საბჭოს თავ-რის პირველი მოადგილის მრჩეველი (1959–62). ხელმძღვანელობდა საქართვ. მინისტრთა საბჭოს წყლის რესურსების გამოყენებისა და დაცვის სახელმწ. კომიტეტს (1962–74), ასევე მის ბაზაზე შექმნილ საქართვ. ბუნების დაცვის სახელმწ. კომიტეტს (1974–84). იყო უმაღლ. საბჭოს ოთხი (მე-2 – მე-5) მოწვევის დეპუტატი; ფოთის საპატიო მოქალაქე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების (1999) და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის (2002) ორდენები.

ლაღიძე იოსებ (სოსო) გიორგის ძე (21. I. 1936, სამტრედია, – 14. VII. 2018, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1981). 1959 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი და იმავე წლიდან დაიწყო მოღვაწეობა რუსთაველის თეატრში, 2013–14 იყო ამავე თეატრის დირექტორი.

ლ-ის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ვეფხია ხალიბაური (კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“), ლადო (გ. ნახუცრიშვილის „ფიროსმანი“), გურამი (გ. ხუხაშვილის „ზღვის შვილები“), გივი (ო. მამფორიას „მეტეხის ჩრდილში“), ჰემონი (ჟ. ანუის „ანტიგონე“), ზაზა ნაკაშიძე (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“), გერა (ლ. ქიაჩელის „გვადი ბიგვა“), დათო (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), გოგი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“), ჯოჯიკი (იაკობ ცურტაველის „შუშანიკის მარტვილობა“), გრეი, საფრანგეთის მეფე, როსსი (უ. შექსპირის „რიჩარდ III“, „მეფე ლირი“, „მაკბეტი“), ვახტანგი, მხედართმთავარი (კ. გოლდონის „მშვენიერი ქართველი ქალი“), თავადი ფანტიაშვილი (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“).

ლ-ის კინოდებიუტი შედგა ფილმში „საბუდარელი ჭაბუკი“ (ვალიკო, რეჟ. შ. მანაგაძე, 1957). შეასრულა მთავარი და მეორეხარისხოვანი როლები ფილმებში: „წარსული ზაფხული“ (ოთარი, რეჟ-ები: ნ. ნენოვა, გ. წულაია, 1959), „გლახის ნაამბობი“ (სანდრო, რეჟ. ლ. ესაკია, 1961), „უცნობი ჯარისკაცები არ არსებობენ“ (რიგითი მელიავა, რეჟ. ს. ციბულნიკი, 1965, უკრაინა), „ლონდრე“ (გაბრიელი, რეჟ. თ. მელიავა, 1966), „ყვარყვარე“ (პავლე, რეჟ. დ. აბაშიძე, 1978), „მარადისობის კანონი“ (მერაბი, რეჟ. ვ. კვაჭაძე, 1982), „ცხელი ძაღლი“ (სოსო ეგაძე, ტელესერიალი, რეჟ. ზ. ურუშაძე, 2004) და სხვ. მუშაობდა ფილმების გახმოვანებაზე. თეატრსა და კინოში მის მიერ შესრულებული როლები გამოირჩეოდა გულწრფელობით, სრულყოფილად და ემოციურად გადმოსცემდა გმირის ხასიათსა და განწყობას.

თბილისის სომხური თეატრის სპექტაკლ ,,საბრალდებო დასკვნაში“ განსახიერებული სარალიძის როლისთვის სომხეთის კულტურის სამინისტროსა და თეატრ. საზ-ბისაგან გადაეცა ორი ოქროს მედალი (2017).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.